ეკონომიკის სამინისტრო – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა

10:23, 18.09.2025

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩინეთის დელეგაციას – ჩინეთის კომერციის სამინისტროს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჰან ჩანგტიანი.

„შეთანხმების მოდერნიზაცია განხორციელდა ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით. მოლაპარაკებაზე მხარეები შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების ტექსტის ძირითად ნაწილზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ასევე განხილულ იქნა საქართველოში წარმოებული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე დაშვების საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ქართული მხარე უახლოეს მომავალში პოზიტიურ სიახლეებს ელოდება.

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე აიყვანა. გაიზარდა არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვა, არამედ ხელი შეეწყო ინვესტიციებს, პოზიტიური ტენდენციებია ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით და სხვა. ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებლობაა ქართველი მწარმოებლებისთვის, პრეფერეციული რეჟიმით პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაყიდონ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცვლილებების ოქმს მომდევნო წლის პირველ კვარტალში მოეწერება ხელი.

მსგავსი