ეკონომიკის სამინისტრო - სათამაშოებზე ზედამხედველობა თვის ბოლოდან დაიწყება
ეკონომიკის სამინისტრო - სათამაშოებზე ზედამხედველობა თვის ბოლოდან დაიწყება

რამდენიმე დღეში ძალაში შევა „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რის შემდეგაც, ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციასა და მის ხარისხს შეამოწმებენ. ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, თუკი გაჩნდება ეჭვი პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნება. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში საშეღავათო პერიოდი იქნება და სანქციები არ იმოქმედებს. კომპანიებს მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები მიეცემა, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო პროდუქციას გააკონტროლებს იმპორტის და ბაზარზე განთავსების პროცესშიც. პროდუქციის ბაზრიდან ამოღებისა და განადგურების გარდა, დარღვევებზე ფულადი სანქციებიც დაწესდება, თუმცა ეს ზომაც 2021 წლიდან ამოქმედდება.

„პროექტი შეთანხმებულია სამთავრობო უწყებებთან და მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარვადგენთ დასამტკიცებლად. ის ამ თვეშივე ამოქმედდება, თუმცა სანქციების ნაწილი გადაწეული იქნება 2021 წლის დასაწყისში. სააგენტო მოახდენს ზედამხედველობას სათამაშოებზე მათ შორის ბაზარზე განთავსების მომენტში, იმპორტის დროსაც და გაიცემა რეკომენდაციები. ძირითადი მოთხოვნები უკავშირდება იმპორტიორების, მწარმოებლების მიერ წარსადგენ აუცილებელ დოკუმენტაციას და რა თქმა უნდა, ფიზიკურ მახასიათებლებს, რომლებიც სათამაშოს საფრთხეს გამორიცხავენ“, – აცხადებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რატი ობოლაძე.

მისი თქმით, სანქციები ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში არის შემზღუდველი ღონისძიებების სახით.

„ესენია, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა ან განადგურება. ამოღება ნიშნავს, რომ ვეღარ გაყიდის. გამოთხოვა კი, გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნებისკენ მიმართულ ზომას ნიშნავს. შეჩერება არის იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია პროდუქციის გამოსწორება ფიზიკური მახასიათებლების ან დოკუმენტაციის თვალსაზრისით და გონივრულ ვადაში გამოსწორების შემდეგ რეალიზაციის განახლება.

რაც შეეხება ფულად სანქციებს, ის ჩნდება მაშინ, როცა ამ გამოსასწორებელ ღონისძიებებს არ დააკმაყოფილებენ. შეუსაბამობის დარღვევა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. გადაეგზავნება სასამართლოს და სასამართლო დაადგენს კონკრეტულ სანქციას თვითოეული ეკონომიკური ოპერატორისთვის“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რატი ობოლაძემ.