ეკონომიკის სამინისტრო - ქუთაისში ექსპერტების ჩართულობით „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა
ეკონომიკის სამინისტრო - ქუთაისში ექსპერტების ჩართულობით „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა

ქუთაისში, სამუშაო ფორმატში ექსპერტებისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების ჩართულობით „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა.

აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს განმარტებაში.

„როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს პარლამენტში გამართული სხდომის შემდეგ, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დღეს ქუთაისში ჩავიდნენ, სადაც სამუშაო ფორმატში, ექსპერტებისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების ჩართულობით, უნდა მომხდარიყო „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა.

შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში გახმიანდა რამდენიმე, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებიც გულისხმობს: ძირითადი კვლევების ხელახალ გადამოწმებას და საბოლოო დასკვნების მიღებამდე კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობის შეჩერებას, რიონის ხეობის განვითარების ხუთმილიონიანი ფონდის შექმნას, „ნამახვანი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელად ქართველი დირექტორის დანიშვნას, ასევე ჰესის ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნას ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართულობით.

მიუხედავად ამ ინიციატივებისა და მზაობისა, რომ სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან, გარემოს დამცველებთან ერთად მომხდარიყო ჰესის ხელშეკრულების ძალიან დეტალური განხილვა, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა ჯერ კიდევ ცაგერში გასულ კვირას ვიზიტისას განაცხადა, სამუშაო ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა ოპონენტების გადაწყვეტილებით, ჩაიშალა და გავრცელდა არასწორი ინფორმაციები სხვადასხვა მედიასაშუალებებში.

ამ სამწუხარო ფაქტის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებები, კიდევ ერთხელ აფიქსირებენ მზაობას, რომ შედგეს დიალოგი, მოხდეს ყველა პრობლემური საკითხის სპეციალისტებისა და ექსპერტების დონეზე დეტალური განხილვა, ასევე მსჯელობა იმ მნიშვნელოვან, ახალ ინიციატივებზე, რომლებიც დღეს „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.