ეკონომიკის სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ეკონომიკის სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეკონომიკის სამინისტრომ ჰესების მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად მიმართა.

სამინისტროში იმ სარგებელზე საუბრობენ, რასაც პანკისის მოსახლეობას მცირე ჰესების პროექტის განხორციელება მოუტანს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გავაკეთოთ.

2017 წელს საქართველოს მთავრობამ მცირე ჰესების – „ხადორი 3“- ის და „სამყურაწყალი 2“-ის ინვესტორ კომპანიას, შპს „ალაზანი ენერჯის“ მხოლოდ მას შემდეგ გაუფორმა მემორანდუმი და გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა.

ასევე შესრულდა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რომელიც მსგავსი პროექტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ „ალაზანი ენერჯის“ დამფუძნებელია ქართული კომპანია შპს „ფერი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, განხორციელებული აქვს მრავალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგური პანკისის ხეობაში.

კომპანიის მესვეურები კარგად იცნობენ ხეობის თავისებურებას. ამასთან, კომპანია ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამდენად, „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით. კომპანიის მხრიდან აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში მოხდა „სამყურაწყალი 2“ – ის ჰესის პროექტის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, უარი ითქვა კაშხლის აშენებაზე. შედეგად, როგორც „ხადორი 3“, ასევე „სამყურაწყალი 2“ გარემოსთვის მაქსიმალურად უვნებელ ჰიდროსადგურებად ჩამოყალიბდა. 2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის, საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებშიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება.

მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას შემდეგ სარგებელს მოუტანს: მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს.

ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე. ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120,000 ლარს შეიტანს. პროექტებს, რომლებიც აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩევენ. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ აღნიშნული პროექტი ავითარებს ე.წ. „მწვანე ენერგეტიკას“, რომელიც გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს.

ბოლო წლებში საქართველოში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტის ასაშენებლად ინვესტორს ნებართვა მხოლოდ უმკაცრესი გარემოსდაცვითი ექსპერტიზის შედეგად ეძლევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება დიალოგის გზით პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსენსუსის მიღწევას“,- აღნიშნულია განცხადებაში.