ეკონომიკის სამინისტრო - მზად ვართ, ჩავერთოთ ვეტერანი ავიატორების სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში
ეკონომიკის სამინისტრო - მზად ვართ, ჩავერთოთ ვეტერანი ავიატორების სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში

მზადყოფნას გამოვხატავთ, სამინისტროს სახელით ჩავერთოთ ვეტერანი ავიატორების წინაშე არსებული სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში და დავიცვათ მათი ინტერესები ისევე როგორც ყოველთვის როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების ინტერესებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება ყოფილი ავიატორებისა და თბილისის აეროპორტის ყოფილი თანამშრომლების პროტესტს ეხმიანება.

უწყებაში მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში.

„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი დიდი პატივისცემა საქართველოს საავიაციო სფეროს ყველა წარმომადგენლის, მით უფრო ვეტერანი ავიატორების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ქართული საავიაციო სკოლა და საფუძველი ჩაუყარეს ამ დარგს საქართველოში. ამიტომ, ძალიან ვწუხვართ, როდესაც ამ ადამიანების სახელით ზოგიერთი არასერიოზული პოლიტიკოსი ცდილობს ქულების ჩაწერას.

კერძოდ, გვინდა განვუმარტოთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ადამიანებს, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში. კიდევ ერთხელ გვინდა, პატივისცემა გამოვხატოთ ავიაციის სფეროს წარმომადგენელთა მიმართ და იმედი გამოვთქვათ, რომ ისინი არ აყვებიან პროვოკაციას და არ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის უნებურ გავრცელებას. ამასთან, მზადყოფნას გამოვხატავთ, სამინისტროს სახელით ჩავერთოთ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში და დავიცვათ მათი ინტერესები ისევე როგორც ყოველთვის როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების ინტერესებს,“ – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ყოფილმა ავიატორებმა და თბილისის აეროპორტის ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია დღეს გამართეს. მათი განცხადებით, 2003 წლამდე აეროპორტის აქციებს თანამშრომლები ფლობდნენ, თუმცა მათ უკანონოდ ჩამოართვეს და ტენდერის საშუალებით ინვესტორს გადასცეს.