ეკონომიკის სამინისტრო მესტიაში სასტუმროს ყიდის
ეკონომიკის სამინისტრო მესტიაში სასტუმროს ყიდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ჰოსტელს“ ყიდის. ობიექტის საწყისი ფასი 550 500 ლარია.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 20 მარტამდე გაგრძელდება. გამარჯვებულმა კომპანიამ საპრივატიზაციო თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ერთ-ერთი საპრივატიზაციო პირობა 3 წლის ვადაში არანაკლებ 8-ნომრიანი სასტუმროს ამოქმედებაა. ამისთვის, სულ მცირე 300 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებიდან ადგილზე მინიმუმ 5 ადამიანი უნდა დასაქმდეს.

სასტუმრო „ჰოსტელი“ მესტიაში 2011 წელს გაიხსნა. დღეისთვის კი მისი მუშაობა შეჩერებულია.

აუქციონი პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში იმართება, რომლის მიზანია, ხელი შეეწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 47 811 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 80 200 000 ლარს შეადგენს.