ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

„ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს ბათუმის ნავსადგურში არსებული „ტერმინალი 1“ ემსახურება რუსული სანქცირებულ გემებს და ეხმარება მათ სანქციებისგან თავის დაღწევაში.

ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების, ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიმართ.

შესაბამისად, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები დღემდე არსებობს.

2022 წლის 07 აპრილს ბათუმის ნავსადგურში არსებული შპს „ტერმინალ 1“-ის ნავმისადგომზე შემოსულმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, სახელწოდებით: Loyalty, შემოიტანა დიზელის საწვავი და 12 აპრილს დატოვა ნავსადგური.

შესაბამისად, „ტერმინალი 1“-ის მიერ გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას, ან სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას.

ამასთან, ისიც აღსანიშნია, რომ გემი შემოვიდა ტერმინალში 2022 წლის 7 აპრილს, როცა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი არ იყო დამტკიცებული.

ზემოთქმული ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული მედიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ტელეკომპანია, სამწუხაროდ, აგრძელებს მავნებლურ და უპასუხისმგებლო, გადაუმოწმებელ და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ ქმედებებს. ტელეკომპანია წარმართავს საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება არა აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალის, არამედ ჩვენი საერთო სახელმწიფოს უსაფრთხოებას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.