ეკონომიკის სამინისტრო – დაზუსტებული მაჩვენებლებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა, წინასწარი 7.5%-ის ნაცვლად, 8.4%-ით გაიზარდა

13:36, 13.11.2026

დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა. 2025 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები დაზუსტდა, რის შედეგადაც 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0.9 პ.პ-ით ზრდის მიმართულებით გადაიხედა და, წინასწარი 7.5%-ის ნაცვლად, 8.4% შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2025 წელს ეკონომიკური აქტივობის რეალურ ზრდაში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანეს ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ზრდა 28.9%), ვაჭრობის (ზრდა 7.5%), განათლების (ზრდა 16.8%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების (ზრდა 15.9%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (ზრდა 10.8%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების (ზრდა 6.5%) სექტორებმა.

„დაზუსტებული მაჩვენებლებით, 2025 წელს ნომინალურმა მშპ-მა 108,418.1 მილიონი ლარი (39,536.6 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო მშპ ერთ სულზე 27,546.9 ლარს (10,045.5 აშშ დოლარს) გაუტოლდა.

2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის (14.9%), დამმუშავებელი მრეწველობის (9.3%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების (9.2%), მშენებლობის (8.8%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (8.0%), სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის (6.6%) და ტრანსპორტისა და დასაწყობების (6.2%) სექტორებს ეჭირა.

2025 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა – საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებლები კვლავ მზარდია. წინასწარი მაჩვენებლების თანახმად, 2026 წლის ოქტომბერში ექსპორტი, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 5.4%-ით გაიზარდა და ოქტომბრის თვის რეკორდულ მოცულობას – 721.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. იანვარ-ოქტომბრის ჯამური მაჩვენებლებით კი ექსპორტი 17.9%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ოდენობას – 6,874.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი