ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ „შილდაჰესი-1“ დაათვალიერა 
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ „შილდაჰესი-1“ დაათვალიერა 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დღეს ახლადაშენებულ „შილდაჰესი-1“-ს ეწვია და ადგილზე პირადად გაეცნო ჰიდროელექტროსადგურის მუშაობას. ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად, ჰესი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სადგური, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ შილდაში მდინარე ჩელთზე მდებარეობს, ექსპლუატაციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა. ის მცირე ზომის ჰესია დადგმული სიმძლავრით 1,2 მეგავატი, სადგურის წლიური გამომუშავებაა 8,7 მლნ. კვტ.სთ. ჰესის მშენებლობისთვის კომპანია „ჰიდრო ენერჯი“-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 800 000 აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „შილდაჰესი-1“ მცირე ზომის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სადგურია არამარტო სოფელ შილდისთვის, არამედ  ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის.

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. „მწვანე ჰესი“, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი – სწორედ ასეთი ტიპის მცირე სადგურებზე დგას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი აქტიურად მუშაობს სოციალური პროექტების განხორციელების კუთხით, ამ ეტაპზე ამოქმედდა მეფუტკრეობის მეურნეობა 200 სკის მოცულობით, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული.