ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე ბუქარესტში, საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე ბუქარესტში, საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საკვანძო რეგიონული დერეფნების გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ენერგორესურსების უსაფრთხო ტრანზიტს უწყვეტად უწყობს ხელს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაზე – Energy Week Black Sea 2026 სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომელიც  რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში გაიმართა.

ინგა ფხალაძის თქმით, დღეს, როდესაც გლობალური და ევროპული ენერგეტიკული სისტემები ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის, საქართველო სულ უფრო მეტად არის დაინტერესებული სუფთა ენერგიის განვითარებით, ელექტროენერგიის ურთიერთდაკავშირებულობითა, ასევე რეგიონულ და ევროპულ ბაზრებთან უფრო ღრმა ინტეგრაციით.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საპანელო დისკუსიის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სუფთა ენერგიის განვითარებაში.

ინგა ფხალაძემ ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის უნიკალურ მდებარეობაზე ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ სივრცეში, მიმოიხილა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოტენციალი და ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიის წყაროებზე. მისი თქმით, საქართველო ახორციელებს პროექტებს ჰიდროენერგეტიკის, მზის და ქარის რესურსების ასათვისებლად და ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა ენერგოპოლიტიკის პრიორიტეტია.

ინგა ფხალაძემ ვრცლად ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების მიმდინარეობის და მათი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი როლის თაობაზე. ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგიონულ მნიშვნელობას და დაადასტურა რეგიონის ქვეყნებთან, ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს თანამშრომლობისთვის მზაობა.

ინგა ფხალაძის განმარტებით, ორი პროექტი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2025 წლის დეკემბერში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მიენიჭა ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტების (PMI) სტატუსი.

ეკონომიკის სამინისტოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა რუმინეთის ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრთან, პაველ-კასიან ნიტულესკუთან. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების მიმდინარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

გარდა ამისა, ინგა ფხალაძე დაესწრო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა (GSE) და რუმინეთის ეროვნული ელექტროენერგიის გადაცემის კომპანიას, Transelectrica S.A.-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების მიზნით თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ენერგეტიკულ ფორუმს საქართველოდან ასევე დაესწრნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი.