ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე აშშ-ში შეხვედრებს მართავს
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე აშშ-ში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით აშშ-ში შეხვედრები გამართა.

გენადი არველაძე საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხვადასხვა კომიტეტების მრჩევლებს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს, ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის და შრომის საკითხებში აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) თანაშემწეებს შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაფართოების აუცილებლობას და  ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გამართულ შეხვედრებზე არველაძემ  ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში საკანონმდებლო ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნა განხილული აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში გამართულ შეხვედრაზე.

USAID-ში გამართული დისკუსიის დროს კი,  ეკონომიკური განვითარების მიმართულებით სააგენტოს პროექტები და პროგრამების მნიშვნელობა განიხილეს.  შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა USAID – ის სამომავლო სტრატეგია და გზამკვლევი, რომელსაც მომავალ წლებში აღნიშნული სააგენტო  საქართველოში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სფეროში განახორციელებს.

ამასთან, 29 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც აშშ-საქართველოს ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აღნიშნული მიმართულების გაღრმავების მიზანშეწონილობაზე გაამახვილა ყურადღება.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეხვედრა ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან. გენადი არველაძე აგრეთვე შეხვდება საერთაშორისო საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საფინანსო კომიტეტის დირექტორს.