ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ტყიბულში მეშახტეების აქცია შეწყდა, „საქნახშირს“ ახალი ინვესტორი შეცვლის
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ტყიბულში მეშახტეების აქცია შეწყდა, „საქნახშირს“ ახალი ინვესტორი შეცვლის

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა შეწყდა. ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ ხელმძღვანელობასთან და მეშახტეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეიდან კომპანიაში ახალი ინვესტორი შედის. როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ორშაბათს დასაქმებულების სახელფასო დავალიანებაც დაიფარება.

„დღეიდან ინვესტორი კომპანია, რომელიც შემოდის ტყიბულში, მეშახტეებთან ერთად დაიწყებს შახტებში ჩასვლას და შესწავლას არსებული ვითარების. მზადყოფნა იქნა გამოცხადებული, რომ ორშაბათს სახელფასო დავალიანება იქნას გასტუმრებული. კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ გაისტუმროს გარკვეული სოციალური გადასახადებიც, მათ შორის დაზარალებული ოჯახების წინაშე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა გეგმა, რომ აღდგეს ქვანახშირის მოპოვება და ეს არის ძალიან დამაიმედებელი, რადგან პრაქტიკულად ერთ წელიწადზე მეტია შახტა გაჩერებულია. დაიწყება მოპოვება და უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოხდება შახტების გაფართოება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეკითხვაზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“, მინისტრის განცხადებით, ამ კითხვაზე პასუხს თავად „საქნახშირის“ წარმომადგელები გასცემენ. მინისტრმა განმარტა, რომ ახალი ინვესტორი „საქნახშირი ჯი-აი-ჯიმ“ თავად მოიძია და 100-პროცენტიან წილს სწორედ მას მიყიდის. ეკონომიკის მინისტრმა ახალი ინვესტორის ვინაობა არ გაამჟღავნა, თუმცა განმარტა, რომ კომპანია არის ქართული, რომელსაც ჰყავს უკრაინელი პარტნიორები და მას მადნეულის მოპოვების გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

ტყიბულის შახტები ამ დროისთვის კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. მეშახტეები სახელფასო დავალიანების მოთხოვნით, 24 სექტემბრიდან აქციებს მართავდნენ.