„ეკოხედვა“ - თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მტვერია
„ეკოხედვა“ - თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მტვერია

თბილისში ჰაერის დამაბინძურებელ კომპონენტებს შორის მნიშვნელოვანი წვლილი მტვერს აქვს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ მიერ თბილისში ატმოსფერული ჰაერის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, ჰაერის შემოწმება მოხდა გმირთა მოედანზე ოთხ წერტილში, ლუბლიანასა და მირიან მეფის ქუჩებზე მდებარე სამშენებლო ობიექტებთან, ვაკის პარკთან და ლისის ტბაზე.

გარდა ჯამური მტვერისა, გაიზომა PM2.5 და PM10 მტვერში არსებული მცირე ზომის ნაწილაკები, რომელიც ადვილად ხვდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა დაავადებას. აღნიშნული მცირე ზომის ნაწილაკების შედარებით მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა გმირთა მოედანზე და სამშენებლო ობიექტებთან.

როგორც ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ დამაბინძურებელი ინგრედიენტებიდან მტვერია წამყვანი, კვლევამ აჩვენა, რომ ავტოტრანსპორტთან ერთად, ჰაერს სამშენებლო ობიექტებიც აბინძურებს. ამას გარდა, გაიზომა ჰაერში ტყვიის შემცველობაც, რომელიც როგორც ბუაჩიძემ აღნიშნა, ზღვრულ ნორმაზე 10-ჯერ ნაკლები შემცველობით აღმოჩნდა ჰაერში.

„ჩვენთვის საინტერესო იყო ჰაერში ისეთი კარცინოგენური ელემენტების არსებობის გაზომვა, როგორიცაა ტყვია და კადნიუმი. კადნიუმი არ აღმოჩნდა საბედნიეროდ, მაგრამ ტყვია აღმოჩნდა, ოღონდ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე 10-ჯერ ნაკლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტვერში არ არის ტყვია. ეს არის ელემენტი, რომლის ორგანიზმში მოხვედრისას მისი დიდი ნაწილი რჩება და ძალიან მცირე ნაწილი გამოდის. ორგანიზმში ის კონცენტრირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ 24 საათის განმავლობაში 1350 ლიტრ ჰაერს შევისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ, ამ ელემენტის გარკვეული რაოდენობა შედის ორგანიზმში და კონცენტრირდება ფილტვებში“, – განაცხადა ბუაჩიძემ.

მისივე თქმით, კვლევამ ცხადყო, რომ ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის ერთ-ერთი გზა მტვერია.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც „ეკოხედვაში“ აცხადებენ, აუცილებელია ევროკავშირის დირექტივების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება, დანერგვა და აღსრულება მოხდეს, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის ინტენსიური გამწვანება, ქუჩებისა და ტროტუარების ინტენსიური მორწყვა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება და ავტოპარკის განახლება.