„ეკიპა“ - საქართველო ჯგუფში პირველ ადგილზეა და აქვს შესაძლებლობა, ერთა ლიგის მეშვეობით ევროპის ჩემპიონატზე აღმოჩნდეს #1TVSPORT
„ეკიპა“ - საქართველო ჯგუფში პირველ ადგილზეა და აქვს შესაძლებლობა, ერთა ლიგის მეშვეობით ევროპის ჩემპიონატზე აღმოჩნდეს #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო საზოგადოება გაოგნებულია – ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები, რომელმაც ბოლო ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, გერმანია გასვლაზე დაამარცხა, ჯგუფიდან გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფიდან იტალია გამოაგდო, საქართველოსთან დამარცხდა.

გამოცემა „ეკიპამ“ საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ვილი სანიოლის გუნდის უპირატესობა აღიარა.

 

ჩრდილოეთ მაკედონიის „გემი ჩაიძირა“

„საქართველოს ნაკრებმა 2020 წელს თბილისში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო და ჩრდილოეთ მაკედონია დამაჯერებლად დაამარცხა 3:0. გუნდმა ერთა ლიგის C4 ჯგუფში მესამედ გაიმარჯვა, წარმატებულ სერიას აგრძელებს და გაჩერებას არ აპირებს.

მეორე ტაიმში გაუგებარი ჩავარდნა გვქონდა და სამი გოლი გაგვიტანეს. პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ საქართველო კონტრშეტევებზე სახიფათო იყო. ეს მათ ხელში უძლიერესი იარაღი იყო, მაგრამ მაკედონიამ ამას ყურადღება არ მიაქცია.

მწვრთნელმა მილევსკიმ და თავად ფეხბურთელებმა უნდა ახსნან, მეორე ტაიმში ჩრდილოეთ მაკედონიას რა დაემართა. საქართველო ჯგუფში პირველ ადგილზეა და აქვს შესაძლებლობა, გამოასწოროს ორი წლის წინანდელი შეცდომა და ერთა ლიგის მეშვეობით ევროპის ჩემპიონატზე აღმოჩნდეს.

სკოპიეში მარცხი საქართველოსთან ნიშნავს ჯგუფში პირველი ადგილის შანსების დაკარგვას და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ახალი შესაძლებლობის განიავებას. ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებმა „ფინალი“ ვერ მოიგო მთავარ მეტოქესთან, ჩვენს ისტორიულ მეტოქესთან, რომელიც შურისძიებას ელოდა თბილისიდან იმ კოშმარისა და ჩვენი გამარჯვებისთვის, რომელმაც ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე წაგვიყვანა“.