ეკატერინე ტიკარაძემ და ჩეხეთის ელჩმა პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს
ეკატერინე ტიკარაძემ და ჩეხეთის ელჩმა პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს

ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობისა და ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარების მიზნით ორ პროექტზე მუშაობს. პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჩეხეთის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი პირველად ჯანდაცვაში ელექტრონული და დისტანციური სერვისების დანერგვას, ამასთანავე პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების გადამზადებას ითვალისწინებს.

მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების ახალი ეტაპი იწყება. მისივე თქმით, აღნიშნული არამხოლოდ ინფექციური დაავადებების მართვის ხელშეწყობას გულისხმობს, არამედ მოხდება არაგადამდები დაავადებების მართვის გაუმჯობესება და პრევენციული პრაქტიკის გაძლიერება.

„აქცენტი კეთდება კიბოს სკრინინგზე, ასევე იმაზე, რომ შეიქმნას ერთიანი რეფერალი პირველადი ჯადაცვის და მეორეული დონის სამსახურების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის, რათა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს იგივე ხარისხის სერვისზე წვდომა, რაც არის ცენტრალურ ქალაქებში. ამის საშუალებას მოგვემს ტელემედიცინის სერვისების განვითარება“, – აღნიშნავს თამარ გაბუნია.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტერ მიკისკა განმარტავს, რომ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით სულ მალე სამინისტროსთან მემორანდუმიც გაფორმდება.

„მინისტრთან ერთად ორი პროექტი განვიხილეთ, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო აფინანსებს. თითოეული პროექტი დაახლოებით 1 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ფოკუსირება ხდება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების და ასევე შშმ პირებისთვის სოციალური სერვისების განვითარების კუთხით. პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობის პროექტის იმპლემენტაცია გარკვეულწილად უკვე დაწყებულია. კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში მოხდა სოფლის ექიმების გადამზადება, მაგრამ რა თქმა უნდა პროგრამა ბევრად ფართოა და ის პირველადი ჯანდაცვის მთლიან სექტორს მოიცავს. მეორე პროექტი შშმ პირებისთვის ალტერნატიული სერვისების მიწოდებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტი იმ პირებს, ვინც დიდ ინსტიტუციებში ცხოვრობენ საოჯახო ტიპის გარემოს შესთავაზებს და მათი ცხოვრების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს“, – აღნიშნავს დიპლომატი.

შეხვედრას სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდა. მერი მაღლაფერიძემ ხაზი გაუსვა სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის საბოლოოდ დასრულებას შეუწყობს ხელს.

დატოვე კომენტარი