ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დილის მონაცემებით, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია 364 საწოლი
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დილის მონაცემებით, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია 364 საწოლი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში თავისუფალია 364 საწოლი.

ამასთან, როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 322 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

„დღეის მდგომარეობით გვყავს 3 071 ინფიცირებული. დღეს ალბათ თქვენთვის უკვე ცნობილია 14 000-მდე ტესტი ჩატარდა გუშინ და ეს გამოვლენა არის სწორედ ამ ტესტირების შედეგი. ბოლო 24 საათის განმავლობაში გვყავს 3 346 გამოჯანმრთელებული და ლეტალობის მაჩვენებელი არის 34.

სტაციონარში განთავსებულია 5 644 პაციენტი, ტრიაჟში იმყოფება 225 პირი, 1 121 პაციენტი არის ჟანგბადდამოკიდებული და 322 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. დილის მონაცემებით, 364 ადგილი არის თავისუფალი, თუმცა როგორც იცით, თავისუფალი საწოლების რაოდენობა მუდმივად ცვლადია და შესაძლებელია, ეს რაოდენობა იყოს ან გაზრდილი ან შემცირებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე ასევე გამოეხმაურა რეინფიცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ეს ჯერ დადასტურებული არ არის და მიმდინარეობს შესწავლა.

„რაც შეეხება რეინფიცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ამ ეტაპისთვის ვიკვლევთ ამას. ეს არ არის დადასტურებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესაჭიროება გარკვეული დრო რომ მივიღოთ ამაზე სწორი პასუხი. გარკვეული შედეგის მიღების და ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საველე ჰოსპიტლების მობილიზება არ განიხილება.

დატოვე კომენტარი