ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორ ჰანს კლუგეს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ჰანს კლუგემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გატარებული კორონავირუსის საპასუხო ღონისძიებები და გამოყო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზადაა, დაეხმაროს საქართვლოს. მათ შორისაა არაგადამდები დაავადებებისა და კიბოს მართვა, უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების და ჰოსპიტლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის კუთხით დახმარება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეპიდემიის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ქვეყანაში მიმდინარეობს მომდევნო ეტაპისთვის მზადება, მუშავდება რეაგირების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის მეტად ჩართვას „კოვიდის“ ამბულატორიული დიაგნოსტიკის პროცესში, ჰოსპიტალური ქსელის მობილიზაციის გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომობას ტესტირების სერვისებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება ეპიდემოლოგების კადრის გადამზადების და მეტი რესურსის მობილიზების გზით.

„ეს ზაფხული გამარჯვებაზე ზეიმისთვის კი არა, არამედ მეორე ტალღის საპასუხო ღონისძიებების მზადებისთვის უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

ონლაინკონსულტაციაში მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მონაწილე, თამარ გაბუნიაც იღებდა. შეხვედრას მოდერატორობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე უწევდა. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ჩართულობაზე ინფექციის კონტროლისა და პირადი დაცვის საშუალებების მობილიზების პროცესებში. ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის „კოვიდის“ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ გაწეულ სამუშაოებზე.