ეკატერინე ტიკარაძემ უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრთან ონკოლოგიისა და ტრანსპლანტაციის მიმართულებით არსებული პროგრამები განიხილა
ეკატერინე ტიკარაძემ უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრთან ონკოლოგიისა და ტრანსპლანტაციის მიმართულებით არსებული პროგრამები განიხილა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრ მიკლოშ კაშლერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

განიხილეს ონკოლოგიისა და ტრანსპლანტაციის მიმართულებით არსებული პროგრამები და საჭიროებები.

საუბარი შეეხო სამედიცინო განათლების მიმართულებასაც – ტრენინგების, გაცვლითი პროგრამებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს – როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის, და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეიქმნება ონკოლოგიის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კვალიფიციური პროფესიონალებით. სამედიცინო კვლევების გარდა, ცენტრში შესაძლებელი იქნება პაციენტთა მკურნალობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ქართველი და უცხოელი სტუდენტების განათლებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სავიზიტო ბარათი და ჩვენი მიზანია, ეს სასწავლებელი გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ცენტრი რეგიონში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ონკოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია კიბოს კონტროლის ეროვნული პროგრამის გაძლიერებაც.

„მინისტრი თავად გახლავთ ონკოლოგიის დარგის ექსპერტი და მისთვის კარგად არის ცნობილი მსოფლიოში ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანია კიბოს კონტროლის ეროვნული პროგრამის გაძლიერება და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა მიკლოშ კაშლერმაც.

„ვისაუბრეთ ბევრ საერთო, საინტერესო საკითხზე. არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და პრაქტიკის გაზირება ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც მზადყოფნას გამოვთქვამთ“, – განაცხადა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.