ეკატერინე ტიკარაძე - ყველა წესი შემუშავებულია და გვაქვს მრავლობითი პუნქტები, რათა საჭიროების შემთხვევაში ტურისტებს ტესტირება ჩაუტარდეთ
ეკატერინე ტიკარაძე - ყველა წესი შემუშავებულია და გვაქვს მრავლობითი პუნქტები, რათა საჭიროების შემთხვევაში ტურისტებს ტესტირება ჩაუტარდეთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტურისტებთან დაკავშირებით უკვე ყველა წესი შემუშავებულია და არსებობს ბევრი პუნქტი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, ტურისტებს ტესტირება ჩაუტარდებათ.

მისივე თქმით, ასევე ნარჩუნდება საკარანტინო სივრცეები, თუმცა ზოგიერთ სასტუმროს ეძლევა საშუალება, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ტურისტები მიიღოს.

„ყველა წესი არის შემუშავებული და გვაქვს მრავლობითი პუნქტები იმისთვის, რომ მოხდეს ტურისტების გატესტვა საჭიროების შემთხვევაში, ასევე ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა საკარანტინო სივრცეს, რომელიც დღემდე იყო. უბრალოდ, გვაქვს რაოდენობრივი ცვლილება, რადგან გარკვეულ სასტუმროებს ვაძლევთ საშუალებას, რომ მიიღონ ტურისტები, თუმცა ყველა სასტუმრო ვალდებულია, გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტესტებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანას საკმარისი რაოდენობა აქვს.

„ჩვენ გვაქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, გვაქვს დალაგებული ლოჯისტიკა ყველა საჭირო ლაბორატორიასთან, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეტაპობრივად ჩვენ შეგვეძლება 3000, 4000, და შემოდგომაზე 10 000 ტესტის ჩატარება დღიურად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დიაგნოსტიკა დროული იქნება.

ქვეყნებს შორის არსებობს სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები, რომელიც გულისხმობს, თუ როდის არის უსაფრთხო ტესტის ჩატარება. პირველი მოთხოვნა რაც გვაქვს, არის, რომ ტურისტს უნდა ჰქონდეს „პისიარ“ ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კოვიდი არ აქვს. იმ ტურისტებთან, რომლებსაც მსგავსი ტესტის შესაძლებლობა არ ექნებათ და თან არ ექნებათ დოკუმენტი, ჩვენ ვუზრუნველყოფთ „პისიარ“ ტესტის ჩატარებას, ეს მოხდება აეროპორტში.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ისინი დაელოდებიან „პისიარ“ ტესტის პასუხს. აიღებს თუ არა ამ ხარჯებს თავის თავზე საქართველო, ჯერ ამ თემაზე ვმუშაობთ, რადგან ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის სხვა მოთხოვნები, რადგან ისინი თავის მხრივ საქართველოსთვის აკეთებენ სხვა მოთხოვნებს. ეს არის ორი ქვეყნის, მწვანე ქვეყნების ურთიერთმოლაპარაკების საკითხი, რომელზეც ჯერ კიდევ უნდა შევჯერდეთ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველო უცხოელ ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს.

დატოვე კომენტარი