ეკატერინე ტიკარაძე - ყველა სამსახური მუშაობს, რათა ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარება დასტაბილურდეს და ჩვენ შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმოება
ეკატერინე ტიკარაძე - ყველა სამსახური მუშაობს, რათა ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარება დასტაბილურდეს და ჩვენ შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმოება

ყველა სამსახური მუშაობს, რათა ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარება დასტაბილურდეს და ჩვენ შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარება დამაკმაყოფილებელია. ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება რეგიონებში.

„ეპიდვითარება ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში, დამაკმაყოფილებელია. მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგიონებში. შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში გაცილებით უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე კახეთში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ტარდება ქვეყნის მასშტაბით, იყოს ადეკვატური რეგიონების ჭრილში. ყველა სამსახური მუშაობს, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს და ჩვენ შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმოება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი კვლავ კახეთში ფიქსირდება.

„მიუხედავად წინა ვიზიტისა, სამწუხაროდ, კახეთის რეგიონში კვლავ ფიქსირდება ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი. ჯერ ვერ ვხედავთ იმ საჭირო აქტივობას, რომელსაც ეპიდსიტუაცია მოითხოვს. დღეს გვაქვს შეხვედრა როგორც მედიის, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწორი მიწოდება. მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს იმაში, რამდენად უსაფრთხო და მნიშვნელოვანია ვაქცინის გაკეთება და რამდენად დიდი როლი აქვს ვაქცინას ზოგადად პანდემიის დამარცხებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.