ეკატერინე ტიკარაძე - ვიმედოვნებ, თვითიზოლაციასთან დაკავშირებით რა ფაქტებიც მოხდა, საკმარისი იქნება, რათა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რამდენად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა
ეკატერინე ტიკარაძე - ვიმედოვნებ, თვითიზოლაციასთან დაკავშირებით რა ფაქტებიც მოხდა, საკმარისი იქნება, რათა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რამდენად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვინაიდან მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები გაზრდილია, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობას ვერ განახორციელებს.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობას ყველა უწყება გაინაწილებს.

მინისტრის განმარტებით, შსს აქტიურად ჩაერთო თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგის პროცესში და არაერთი შემთხვევაა, როცა ადამიანებს პოლიცია იზოლირებულ გარემოში აბრუნებს.

„ზოგადად, მსოფლიოში კორონავირუსის იდენტიფიცირების შემდეგ, 25 იანვრიდან, ჯანდაცვის სამინისტრო კურირებდა და ახორციელებდა ყველა ამ პროცესს. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში გავრცელების მასშტაბები გაიზარდა და საქართველოში გავრცელების რისკი გაიზარდა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გახდება ყველა იმ პრობლემატიკის განმახორციელებელი, იმ პროცესის ზედამხედველი, რომელიც საჭიროებს ხარისხიან შესრულებას. აქედან გამომდინარე, პრემიერმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყველა უწყება, თავისი პასუხისმგებლობის კუთხით, უფრო აქტიურად იყოს ჩართული. ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული და ხარისხიც იქნება გაუმჯობესებული. მას შემდეგ, რაც შსს სამინისტრო აქტიურად ჩაერთო ამ პროცესებში, გვაქვს არაერთი ფაქტი, როდესაც მათი მხრიდან ხდება ამ პიროვნებების აღრიცხვა და შესაბამისად, კვლავ განთავსება თვითიზოლაციის ადგილებში“ ,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის განმარტებით, ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება.

„დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ის ფაქტები, რომლებიც უკვე მოხდა, გახდება საკმარისი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაიცა“ ,- აღნიშნა ტიკარაძემ.