ეკატერინე ტიკარაძე - ველოდებით ვირუსის მეტ გავრცელებას მოსახლეობაში
ეკატერინე ტიკარაძე - ველოდებით ვირუსის მეტ გავრცელებას მოსახლეობაში

ჯანდაცვის სისტემა მზად არის გაზრდილი ნაკადის მისაღებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი რეჟიმი, რომლის შესახებაც დღეს პრემიერმა ისაუბრა, კვლავ პრევენციული რეჟიმია, თუმცა მეტ კონტროლს გულისხმობს.

„მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ რეჟიმზე, რეალურად ეს არის კვლავ პრევენციული რეჟიმი, უბრალოდ, უფრო მეტად გამკაცრებული, რაც ნიშნავს, რომ მეტად მოგვიწევს ჩვენი მოქალაქეების გაკონტროლება, რათა მოახდინონ სოციალური დისტანცირება, მოხდეს ყველა ჯაჭვის გაწყვეტა და ვირუსის გავრცელების პრევენციულად შეჩერება, რომელიც დღეს ასეთ საფრთხეს უქმნის ჩვენ საზოგადოებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით მოსალოდნელია ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა, ასევე ჯანდაცვის სისტემა მზად არის პაციენტების მისაღებად.

„ჩვენ მოვამზადეთ სისტემა, რათა მიგვეღო პირველი ტალღა, ეს პირველი ტალღა რეალურად სისტემას მიღებული ჰყავს და ახლა ველოდებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში, რაც ნიშნავს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში აღვწერეთ ყველა დამატებითი საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში, ეს არის კიდევ დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც დაახლოებით 24-დან 48 საათში მზად იქნება პაციენტების მისაღებად. აღწერილი იყო როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი პერსონალის მზაობა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად. შეგვიძლია, დღეს თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან, სისტემა არის მზად იმ გაზრდილი ნაკადის მისაღებად, რომელსაც ველოდებით. ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი, რომ პაციენტებისა და ჰოსპიტლების რაოდენობა უნდა იყოს კონცენტრირებული შემდეგ ქალაქებში – ქუთაისი, ბათუმი და თბილისი. ძირითადი საავადმყოფოები თბილისში არის მობილიზებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, კონცენტრირებული მართვა გაცილებით უკეთეს ხარისხს განაპირობებს.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ გადავიდა ქვეყანა ვირუსის გავრცელების ეტაპზე.

„25 იანვარს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ფრენები შეგვეჩერებინა ჩინეთის მიმართულებით მაშინ არ ყოფილა რეალურად საფრთხე. მიგვაჩნია, რომ წინასწარ გადადგმული ყველა ნაბიჯი და პრევენციული ღონისძიება იძლევა იმ ეფექტიან შედეგს, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. აქედან გამომდინარე რეალურ საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს ის 34 პაციენტი, რომელიც გვყავს, დაფიქსირებული სტატისტიკა, რომელიც გვაქვს და აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია დამატებით პრევენციული ღონისძიებები და ამ ღონისძიებების გამკაცრება, ხარისხობრივად უკეთესად შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობის დასაცავად და საუკეთესო გამოსავლისა და შედეგების მისაღებად“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანა ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავიდა. მთავრობის გადაყვეტილებით, დაავადების გავრცელების პრევენციისთვის ახალი შეზღუდვები დაწესდა.