ეკატერინე ტიკარაძე - ვცდილობთ, მოქალაქეებისადმი დახმარება იყოს დროული და შეუფერხებელი, მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება
ეკატერინე ტიკარაძე - ვცდილობთ, მოქალაქეებისადმი დახმარება იყოს დროული და შეუფერხებელი, მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება

ამ ეტაპისთვის დახმარება გაცემულია 72 ათასზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი. ეს თანხობრივი მოცულობით შეადგენს 14 მილიონზე მეტს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თვითდასაქმებულებისთვის გაცემული ფულადი დახმარების ჯამური მოცულობა 15 მილიონ ლარზე მეტია.

„რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებმაც მოგვმართეს, ეს არის 51 ათასზე მეტი მოქალაქე და მათ მიმართ გაცემული ფულადი დახმარების ჯამური მოცულობა არის 15 მილიონ ლარზე მეტი. ხოლო სოციალური დახმარებები, მაისის თვის მონაცემებით არის სრულად ჩარიცხული იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ამ დახმარების სექტორში მოხვდნენ. ესენი არიან 65 000-დან 100 000 ქულამდე შუალედში მყოფი მოქალაქეები, ასევე შშმ ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ ოჯახებში და ასევე ის მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც მოხვდნენ ამ სეგმენტში“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს და კომისია დამატებით შესულ საბუთებს განიხილავს.

„დამუშავება მიმდინარეობს მონაცემების. ამ წუთებშიც მუშაობს კომისია, რომელიც განიხილავს დამატებით შემოსულ საბუთებს. თქვენ იცით, რომ პირველ ივლისამდე გაგრძელდება დოკუმენტების მიღება, რომელსაც კომისია დამატებით განიხილავს და შესაბამისად, მოხდება ეტაპობრივი გადარიცხვები.

რაც შეეხება დაგვიანებებს, თქვენ ალბათ აკვირდებით, რამდენად დიდია მოცულობა იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებს. შესაბამისად, კომისიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, დახმარება იყოს დროული, შეუფერხებელი და მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.