ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინები არსად გამქრალა, დროულად გავაკეთეთ მობილიზება პაციენტებისთვის, რომლებსაც ეს კრიტიკულად სჭირდებათ
ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინები არსად გამქრალა, დროულად გავაკეთეთ მობილიზება პაციენტებისთვის, რომლებსაც ეს კრიტიკულად სჭირდებათ

ვაქცინები არსად არ გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ მობილიზება ვაქცინების იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად სჭირდებათ და მე-10 მე-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ფაქტისა და პროცესის უფრო მეტად ეფექტურად მართვისთვის.

„ისინი დღეს ჩვენთან წარმოადგენენ მოხსენებას, მოგვცემენ კონკრეტულ მითითებას, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს. ჩვენს მოქალაქეებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში არ შეექმნათ არანაირი რისკი და პრობლემა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, რატომ შეიქმნა დეფიციტი, მინისტრის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით გაკეთდება დასკვნა და დამატებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი.

„უახლოეს დღეებში დეფიციტი რომ არ შექმნილიყო, გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან. დეფიციტის შექმნა, როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა აღნიშნა, არის გამოწვეული იმ შეფერხებისგან, რომელიც ჰქონდა მწარმოებელს და მათი მხრიდან სამინისტროსთვის ინფორმაციის მოწოდება მოხდა მხოლოდ 22 რიცხვში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მომწოდებელთან, რათა „ასრაზენეკას“ ვაქცინების მიმართულებით შემდეგი წყვეტა აღარ იყოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის ვალდებულებაა, დეტალურად შეისწავლოს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა სსიპის საქმიანობა.

„აუდიტის სამსახური გააგრძელებს დეტალურ მოკვლევას. ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმურად.  ჩვენთვის ცნობილია, რომ ქვეყანამ მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა ვაქცინაციის კალენდარი, რომლის თანახმადაც, საქართველოში მხოლოდ მესამე კვარტალში იგეგმებოდა მასობრივი ვაქცინაცია. გეგმის თანახმად, მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მესამე კვარტალში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, აუდიტის დასკვნა, რადგან ამ ეტაპზე არ არის საკმარისი ინფორმაცია, რათა ვინმეს პასუხისმგებლობის დადგომაზე შესაძლებელი იყოს საუბარი.

„ვაქცინაციის კალენდარში, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მხრიდან და შემუშავებულია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა იმართოს ვაქცინის მარაგები. „იუნისეფისგან“ გაკეთდა განცხადება, რომ ვადაზე დაგვიანებით მოხდა ჩვენი ინფორმირებულობა იმასთან დაკავშირებით, რომ „ასტრაზენეკას“ დოზები, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო, სამწუხაროდ, მწარმოებლის მხრიდან ვერ დაკმაყოფილდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ დათქმულ დროს ვერ მოგეწოდა ვაქცინა“, – განახცადა ტიკარაძემ.