ეკატერინე ტიკარაძე - „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების სახელფასო დავალიანების საკითხს მე და ჩემი მოადგილე პირადად გავაკონტროლებთ
ეკატერინე ტიკარაძე - „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების სახელფასო დავალიანების საკითხს მე და ჩემი მოადგილე პირადად გავაკონტროლებთ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების საკითხს შეისწავლის.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შეიქმნა სპეციალური საბჭო ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც ხვალიდან კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით იმუშავებს. მინისტრის თქმით, საბჭო განიხილავს კლინიკის თანამშრომლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებების საკითხს.

„შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. მედპერსონალის მხრიდან წარმოდგენილია 10 წევრი და ჩვენი მხრიდანაც შეიქმნა საბჭო. ხვალიდან დავიწყებთ კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას. განვიხილავთ, როდის გადავიხდით მათ სახელფასო ანაზღაურებებს, რასაც მე და ჩემი მოადგილე პირადად გავაკონტროლებთ. ჯანდაცვის სამინისტრო არ იყო მართვაში ჩართული, ეს ყოველივე იყო „საპარტნიორო ფონდის“ მმართველობის ქვეშ. ჯანდაცვის სფეროს სჭირდება სპეციფიკური მმართველობა და გამოჩნდა, რომ ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის შენობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალ პროექტთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ყოფილა, მაგრამ სახელმწიფო იზრუნებს შენობის რეაბილიტაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. როდის დაიწყება მუშაობა, ამას უკვე მოგახსენებთ იმ საინიციატივო ჯგუფისა და ჩვენი საბჭოს ფარგლებში, რომელიც არის შექმნილი. შემდეგი შეხვედრა იქნება ხვალ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

ცენტრის თანამშრომლებმა დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდნენ.​ ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, თანამშრომელთა ნაწილს ექვსი და რვა თვის ხელფასები არ აუღიათ.

„უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს“ სულ 300 თანამშრომელი ჰყავს.