ეკატერინე ტიკარაძე - თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით
ეკატერინე ტიკარაძე - თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით

თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს, ამ ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„თებერვლის თვეში, როდესაც პირველი კოვიდინფექცია დაფიქსირდა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ადგილზე შეეძლო ამ პაციენტების მომსახურება და დიაგნოზის დადგენა, ჰქონდა თუ არა პაციენტს კოვიდინფექცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩართული ვართ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან არის მოწოდებული და იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ამ ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა საქართველოს თადარიგი, რომ როდესაც კვლევებით კონკრეტული ვაქცინის ეფექტიანობა დამტკიცდება და ის გამოყენებაში ჩაეშვება, ქვეყანამ ასეთი ვაქცინა ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს.

შეკითხვაზე, იძლევა თუ არა დღევანდელი ეპიდსურათი 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შესაძლებლობას, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით თავს შეიკავებს პროგნოზისგან, თუ რა მოლოდინები შეიძლება, გვქონდეს 22 მაისის შემდეგ.

„ჩვენ ვმსჯელობთ ამასთან დაკავშირებით. დღევანდელი სიტუაცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ გადადგმულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ შემთხვევაში აჩქარებას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით თავს შევიკავებ იმის პროგნოზისგან, თუ რა მოლოდინები შეიძლება, გვქონდეს 22 მაისის შემდეგ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი