ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციების ნაწილი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა
ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციების ნაწილი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა

სოციალური მუშაკების შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის სახელმწიფომ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, პირველი იანვრიდან გაიზარდა მათი ანაზღაურება, ასევე დაგეგმილია არაერთი რეფორმა ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება სოციალური სამსახურის მიმართულებით.

მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში, სერვისების გაუმჯობესების და გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, 2019 წელს განხორციელდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და 2020 წლის პირველი თებერვლიდან მისი ფუნქციები, გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიული პირს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

„არარსებული ფუნქციების გამო, თანამშრომლები, რომლებიც ამ მიმართულებით სოციალური მომსახურების სააგენტოს შტატში ირიცხებოდნენ, განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. გათავისუფლებულებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული კომპენსაცია. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უწყვეტად აგრძელებს შესაბამისი სერვისების მიწოდებას. ამასთან, სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს გამოაცხადოს ვაკანსია 50 ახალ სოციალურ მუშაკზე. ამჟამად სამინისტროში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა საბოლოო ჯამში, სოციალური მუშაკების საშტატო რაოდენობა 271-დან 350-მდე გაიზარდოს. რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის პირველი იანვრიდან, სოციალური მუშაკების ანაზღაურება გაიზარდა და საწყისი ხელფასი 1200 ლარს შეადგენს. უფროსი სოციალური მუშაკის ხელფასი კი 1400 ლარი გახდა“, – განაცხადა მინისტრმა.