ეკატერინე ტიკარაძე - შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე
ეკატერინე ტიკარაძე - შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი, ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, პანდემიის მართვაში აქტიური ჩართულობის პარალელურად, შრომის ინსპექციის სამსახური უწყვეტად ასრულებდა მის ძირითად საქმიანობას, რომელიც შრომის უსაფრთხოების გარდა, შრომითი უფლებების დაცვასაც ემსახურება.

„შრომითი დისკრიმინაცია, გენდერულ ჭრილში შევიწროება, იძულებითი შრომა და შრომითი ექსპლუატაცია ის აქტუალური საკითხებია, რომლებზე ზედამხედველობის პასუხისმგებლობა აიღო შრომის ინსპექციის სამსახურმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების გაძლიერების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები და ფატალური შედეგები. გასულ წელს, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მიუხედავად, არ შეჩერებულა სამშენებლო სექტორის საქმიანობა, რომელიც შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტ რისკებს მოიცავს: 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია 27%-ით. ხოლო, სამუშაო გარემოში გარდაცვალების მაჩვენებელი 75%-ით. მინდა აღვნიშნო, რომ შრომის ინსპექციის სამსახური არ წარმოადგენს სადამსჯელო ორგანოს. არამედ, იგი ზედამხედველობას უწევს და მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან, რომელთანაც აქტიურად ახორციელებს საკონსულტაციო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს. მსგავსი პარტნიორული დამოკიდებულების შედეგად დადგინდა, რომ წარსულში შემოწმებული ობიექტების ხელმეორე გადამოწმებისას, მათი უმრავლესობა პროტოკოლის დაცვით ახორციელებდა საქმიანობას. უსაფრთხო და ღირსეული შრომითი გარემოს უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, რომლის აღსრულებისთვის ჩვენ კიდევ უფრო მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.