ეკატერინე ტიკარაძე - შევჯერდით, რომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
ეკატერინე ტიკარაძე - შევჯერდით, რომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

შევჯერდით, რომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობები მოწყობილია ღია სივრცეში, იქ ხალხის უფრო დიდი ნაკადი იყრის თავს, ვიდრე მოლებში, რაც ინფექციის გავრცელებაზე აისახება.

მესმის, რომ არსებობს ბაზრობების რაც შეიძლება დროულად გახსნის საჭიროება. ჩვენ შევეცადეთ, დეტალურად აგვეხსნა მათთვის ყველა ის მიზეზი, რატომ არის მთავრობის მხრიდან გახსნის თანმიმდევრულობა დაცული. ისინი საკმაოდ გაგებით მოეკიდნენ ამ გადაწყვეტილებას და შევჯერდით იმაზე, რომ გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ ჩვენ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. როგორც კი ეპიდემია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება ბაზრობების და სხვა ბიზნესის გახსნასთან დაკავშირებით, საბჭო იმსჯელებს ამის თაობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი არის საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა. ამ პრიორიტეტებიდან და არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ დავაყენებთ ბიზნესის საკითხებს უფრო წინ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობები არის ღია სივრცე, იქ ადამიანების ნაკადები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მოლებში. ეს მნიშვნელოვნად აისახება შემდგომში ინფექციის გავრცელებაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეზღუდვების მიუხედავად რატომ იმართება ქორწილები, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ქორწილის გამართვა არავისთვისაა დაშვებული.

„შრომის ინსპექცია საკმაოდ მკაცრი ღონისძიებებით უმკლავდება ასეთ მოვლენებს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთავრობის მიმართ მოლოდინი, თუ როგორი იქნება აღსრულება და კონტროლი, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.