ეკატერინე ტიკარაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნით მოსალოდნელი რისკ-ფაქტორები არ გამართლდა, ჩვენი მოქალაქეები ნორმებს მკაცრად იცავენ 
ეკატერინე ტიკარაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნით მოსალოდნელი რისკ-ფაქტორები არ გამართლდა, ჩვენი მოქალაქეები ნორმებს მკაცრად იცავენ 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა რეკომენდაცია დაიცვან.

„ჩვენი მოქალქეებისგან მოვითხოვთ, დაცული იყოს ყველა ის რეკომენდაცია და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა. განვაგრძოთ და ინტენსიურად მოვიხმაროთ ნიღბები საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებში, სადაც ეს არის მოწოდებული, ვინაიდან მხოლოდ მსგავსი ქცევა და ქცევის ნორმა არის იმის გარანტი, რომ ჩვენთან არ მოხდეს ინფექციის ძალიან მაღალი გავრცელება. ეს ალბათ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს.

რა თქმა უნდა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიასთან ინტენსიური მუშაობით, შევძლოთ და საქართველოს ყველა მოქალაქეს ინტენსიურად გავაცნოთ ინფორმაცია ამ ნორმების შესახებ, მათი ინტენსიური მოხმარების შესახებ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნით, გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომლის მოლოდინიც არსებობდა, არ გამართლდა.

„დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში, ის გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომლის მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, არ გამართლდა და ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც არის მოწოდებული. მე იმედს ვიტოვებ, რომ ყველა დანარჩენ უწყებაშიც, რომლის გახსნაც ეტაპობრივად მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ ნორმების დაცვას და ნიღბების მოხმარებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორ ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავისი უწყებით და რგოლით გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას.

„დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური ჩართულობა იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ, რათა საქართველოში ავამუშაოთ ეკონომიკა და ყველა ის მონაპოვარი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, შევინარჩუნოთ, ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობას. ამასთან მიმართებაში, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავისი უწყებით და რგოლით გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და გაძლიერებას როგორც ჰოსპიტალური სექტორის, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ასევე ჩვენი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლების. რა თქმა უნდა, ჩვენი ეპიდემიოლოგები კვლავ დარჩებიან იმ მობილიზაციაში, რომელიც ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე თვეა და გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას იგივე ინტენსივობით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.