ეკატერინე ტიკარაძე - სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად ნეგატიური პროცესები, მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება
ეკატერინე ტიკარაძე - სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად ნეგატიური პროცესები, მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება

სავალდებულო ვაქცინაციას არ ვეთანხმები, რადგან მას მოჰყვება ბევრად ნეგატიური პროცესები, რომელიც ხელს შეუშლის პროცესს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტიკარაძეს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არის მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება.

„სახელმწიფო შესაძლებლობები ამ ეტაპისთვისაც არის უცვლელი, რაც გულისხმობს რეგულაციების დაცვის მკაცრ აღსრულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი მოქალაქეები კვლავ ჩაერთონ თავიანთი აქტივობით და სამოქალაქო მაღალი პასუხისმგებლობით იმისთვის, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი, შერჩეული არის 50 სოფელი ამ ეტაპისთვის, სადაც არის 3 000-ზე მეტი მოქალაქე. შემდეგი ეტაპი იქნება შედარებით უფრო მომცრო ზომის სოფლებში ამ მარათონის გაგრძელება.

მარათონის გარდა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი არის გავააქტიუროთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არიან 60 წელს ზევით, ვინაიდან სწორედ მათში არის ყველაზე მაღალი რისკი ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის, ჰოსპიტალში უკვე რეანიმაციის და შემდეგ ლეტალობის. სწორედ აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ დროულად გადაწყვეტილება.

დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ბევრად უფრო ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს, სწორედ აქედან გამომდინარე არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არის მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.