ეკატერინე ტიკარაძე - მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა უკეთ მოხდეს ეპიდსიტუაციის მართვა
ეკატერინე ტიკარაძე - მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა უკეთ მოხდეს ეპიდსიტუაციის მართვა

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა უკეთ მოხდეს ეპიდსიტუაციის მართვა.

„ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღისას. რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება ორშაბათს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა სააღდგომოდ დამატებითი შეზღუდვები, ტიკარაძემ აღნიშნა: „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული და ვგეგმავთ, რომ ეკლესიის მხარდაჭერა ისევე როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები, თუმცა ეს იქნება იმ ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ეკლესიისა და საეკლესიო ღონისძიებების ფორმატში უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე“.