ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ გატარებული გვაქვს ყველა ღონისძიება, რაც რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ გატარებული გვაქვს ყველა ღონისძიება, რაც რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს

კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ახალ სუბიექტებზე ვირუსის საფრთხე გამოვლენილი არ არის, თუმცა მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი.

„ლუგარის ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში. მე მყავს პირად კონტროლზე აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ვმუშაობთ ერთობლივად. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო. გვაქვს ყველა ინფორმაცია შემომავალ მგზავრზეც და იმ მგზავრებზეც, ვინც იმყოფებიან ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ. საფრთხის რისკი, რა თქმა უნდა, მომატებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება გატარებული, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ამ საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. დამატებითი რეგულაციები უკვე შემოვიღეთ, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო. თუ საჭირო გახდება დამატებით გამკაცრდეს სასაზღვრო ზონის დაცვა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე სრულიად ავკრძალოთ შემოსვლა საქართველოში, ვინაიდან გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი. შემოსული მოქალაქეები კი, ვისაც დახმარება სჭირდება, მოვათავსოთ სტაციონარში ან გვყავდეს კარანტინში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, იტალიასთან მიმართებაში ამ ეტაპისთვის დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა იტალიელი მგზავრი მოწმდება, როგორც ადგილზე იტალიაში, ასევე ჩვენი სპეციალისტების მიერაც და საჭიროების შემთხვევაში მათაც გაეწევათ ის დახმარება, რა დახმარებასაც ჩვენ სხვა მოქალაქეებს ვუწევთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.