ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გაეწევა ყველა საჭირო ღონისძიება, მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით შეწყვეტს შიმშილობას
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გაეწევა ყველა საჭირო ღონისძიება, მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით შეწყვეტს შიმშილობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გაეწევა ყველა ის საჭირო და დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ექიმების დანიშნულებით არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა დადო პირობა, რომ „ამ ნიშნით შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, ის შიმშილობების კასკადი, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონდა, შეწყდება“.

„პირველ რიგში, ექიმებს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მეთვალყურეობას უწევდნენ პაციენტს, მინდა, მადლობა გადავუხადო. ყველა იმ ექიმს, ვინც მონაწილეობდა შექმნილ კონსილიუმებში, მათი როლი იყო ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ექიმს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული მკურნალობის პროცესში, მათ ნამდვილად აიღეს მაღალი პასუხისმგებლობა, მაღალი პროფესიონალიზმი და განვლეს ძალიან რთული გზა, რადგან ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაითვალისწინოს, ექიმის პროფესია არის ძალიან რთული პროფესია, ჩვენ არ ვარჩევთ პაციენტს და ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტის სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია, ექიმის ხელშეუხებლობა იყოს დაცული და ეს ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს სამომავლოდაც.

შემდეგი არის მნიშვნელოვანი, რომ პაციენტს როგორც რუსთავის, ისე მე-18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რომელიც იყო დაუშვებელი და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ძალიან ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იცით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მესამე პრეზიდენტი გადმოყვანილი იყოს გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა ის საჭირო, დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ექიმების დანიშნულებით არის მიღებული, როგორც რეკომენდაცია. მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, ის შიმშილობების კასკადი, რომელიც გვქონდა, შეწყდება ქვეყანაში. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომშიც საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ჩვენ თავს ავარიდებთ ნებისმიერ საპროტესტო აქციებს და შევძლებთ, დავიწყოთ კონსტრუქციული დიალოგი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.