ეკატერინე ტიკარაძე -  საქართველოს აღრიცხული ჰყავს ყველა ის მოქალაქე, ვისაც გრიპის ვაქცინა სჭირდება და ყველა იქნება აცრილი
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს აღრიცხული ჰყავს ყველა ის მოქალაქე, ვისაც გრიპის ვაქცინა სჭირდება და ყველა იქნება აცრილი

სახელმწიფოს აღრიცხული ჰყავს ის მოქალაქეები, ვისაც გრიპის ვაქცინა სჭირდება, მათთან დაკავშირება მოხდება უბნის ექიმების მხრიდან და ყველა იქნება აცრილი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, წელს საქართველომ გრიპის ვაქცინის უპრეცედენტო რაოდენობა შეიძინა.

„წელს ჩვენ შევიძინეთ უპრეცედენტო რაოდენობის გრიპის ვაქცინა. ეს რაოდენობა სამჯერ აღემატება იმას, რასაც საქართველო წინა წლებში მოიხმარდა. ჩვენ გასულ წლებში ხშირად გვქონდა გამოუყენებელი ვაქცინა, ვინაიდან ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. გამომდინარე იქედან, რომ გვქონდა მოლოდინი, წელს ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზრდებოდა, შევიძინეთ სამჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე ამას ვგეგმავდით ყოველწლიურად. გარდა ამისა, ვაქცინის გამოყენებასთან არის კონკრეტული სტრატეგია და ის გამოიყენება რისკჯგუფებში. ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ, თუ ვინ არის რისკჯგუფში და შესაბამისად, პირველ ეტაპზე მოხდება იმ ადამიანების აცრა, ვისაც ის დროულად ესაჭიროება. დღეს გვაქვს პირველი რაოდენობა მიღებული და შემდეგ კვირაში ველოდებით დამატებით ვაქცინას. ნოემბრის პირველ ნახევარში გვექნება ვაქცინის სრული მოცულობა შემოტანილი. მნიშვნელოვანია, რომ მოვიქცეთ შეგნებით და მოთმინებით. სახელმწიფოს აღრიცხული ჰყავს ის ადამიანი, ვისაც ვაქცინა სჭირდება, მათთან დაკავშირება მოხდება უბნის ექიმების მხრიდან და ყველა ადამიანი, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია, იქნება აცრილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.