ეკატერინე ტიკარაძე - საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, გამოიკვეთა, რომ „ფაიზერს“ ჰქონდა ინტერესი, დაეზუსტებინა დამატებითი დეტალები, რომელიც ბოლო სატელეფონო საუბრის შედეგად დაზუსტდა
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, გამოიკვეთა, რომ „ფაიზერს“ ჰქონდა ინტერესი, დაეზუსტებინა დამატებითი დეტალები, რომელიც ბოლო სატელეფონო საუბრის შედეგად დაზუსტდა

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიტანოთ კორექცია იმაში, რაც შეცდომით ითქვა და მერე, „კოვაქს“ პლატფორმამ ასევე უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ ერთ-ერთი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ძალიან გთხოვთ, ნუღარ გაჟღერდება მსგავსი შეკითხვა, რომელიც უკვე დაზუსტებული და უარყოფილია, ვინაიდან ეს მოსახლეობაში გარკვეულ გაუგებრობას იწვევს. ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ეკუთვნის მეტი კორექტულობა, რათა ერთხელ გაცემული პასუხის გაცემა ყოველი კვირის ეთერში აღარ დაგვჭირდეს მე და ჩემს მოადგილეებს. საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რომელიც წამოყენებული იყო და 140 ქვეყნიდან, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს, საქართველო არის იმ 18 ქვეყანას შორის, სადაც მოქალაქეებს აცრის საშუალება ექნებათ. ეს იყო უბრალოდ, დამატებითი დოკუმენტაცია, გადაზღვევის და დაზღვევის პირობები, რომელიც თვითონ მწარმოებელ ქვეყანას აინტერესებდა. მათ თავიანთ სასარგებლოდ კიდევ ერთხელ დააზუსტეს გარკვეული პუნქტები, რათა გადაზღვეული იყვნენ ყველა შესაძლო გართულებისგან, ან რისკისგან, რომელიც შეიძლება, უკვე ვაქცინაციის პერიოდში დადგეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა იყო ის დამატებითი პირობა, რამაც „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდების პროცესი შეაფერხა და ვერ დააკმაყოფილა თუ არა საქართველომ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რაზეც „კოვაქს“ პლატფორმა ერთ-ერთი მედია საშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა. 

შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს დამატებითი პირობა წაყენებული მხოლოდ საქართველოსთვის, ტიკარაძემ განაცხადა, რომ ეტაპობრივი სატელეფონო კომუნიკაცია ჩანიშნულია ყველა ქვეყანასთან, რომელიც ვაქცინას „ფაიზერისგან“ მიიღებს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რის საფუძველზე კეთდებოდა განცხადებები, რომ ქვეყანა თებერვლის ბოლოს ვაქცინას მიიღებდა, თუ თებერვლის მეორე ნახევარში ჯერ კიდევ შუალედური მოლაპარაკებები წარმოებდა, რის შესახებაც მისმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ეს თარიღი ასევე „კოვაქს“ პლატფორმიდან იყო დასახელებული.

„ამ ხელშეკრულების ფარგლებში ხელი მოწერილი გვაქვს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე და ის ინფორმაცია, რასაც მედიის საშუალებით ვავრცელებთ, შეთანხმებულია „კოვაქს“ პლატფორმასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ იმას ვაჟღერებთ, რაზეც დასტური გვაქვს მიღებული. ინფორმაციებით, რომელიც იმ პერიოდისთვის გვქონდა, ჩვენთვის ცხადი იყო, რომ საბოლოო შეთანხმების ეტაპი იყო. მხოლოდ შემდეგ, რაც ერთი კვირის პერიოდში კომუნიკაცია შეწყდა, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენი მხრიდან ხდებოდა დაინტერესება, თუ რა იყო ამის მიზეზი. ჩვენ ლოდინის რეჟიმში გადაგვიყვანეს და შემდეგ, ზარის ჩანიშვნის პერიოდს დასჭირდა დამატებითი ერთი კვირა. გამოიკვეთა ის, რომ „ფაიზერს“ ჰქონდა ინტერესი, კიდევ დაეზუსტებინა დამატებითი დეტალები, რომელიც დღეს სატელეფონო საუბრის შედეგად დაზუსტდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, მონაწილეობდა თუ არა ის დღევანდელ სატელეფონო საუბარში, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ სატელეფონო საუბარში თამარ გაბუნია და გიორგი წოწკოლაური მონაწილეობდნენ.

შეკითხვაზე, რა ეტაპზეა „კოვაქსთან“ ურთიერთობა, რადგან ცოტა ხნის წინ, ვიდრე განმარტებებს მიიღებდა, ის ჩივილსაც არ გამორიცხავდა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია და აქვს ლეგიტიმური უფლება, უკმაყოფილება გამოხატოს დანაპირებისა და ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, რომელიც იმ პერიოდისთვის შესრულებული არ იყო და ასევე გამოხატოს უკმაყოფილება გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გამო.

„იმ შესაბამის ფორმატში, როგორც ეს მსგავს უწყებებს შორის ხდება, ურთიერთობები გავარკვიეთ და დღესდღეობით, თანამშრომლობას ჩვეულებრივ, პარტნიორულ რეჟიმში ვაგრძელებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „კოვაქს“ პლატფორმასთან და „ფაიზერთან“ დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, საქართველოს აქვს მტკიცე გარანტიები, რომ 22 მარტის შემდეგ ვაქცინის მოწოდების თარიღი არ გადაიდოს და საქართველომ გარანტირებულად უნდა მიიღოს ვაქცინების დაპირებული რაოდენობა.

დატოვე კომენტარი