ეკატერინე ტიკარაძე - საკმაოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გვაქვს, ორი წელია, ჩვენი ექიმები გმირულად იბრძვიან, ადამიანურ რესურსს ანგარიში უნდა გავუწიოთ
ეკატერინე ტიკარაძე - საკმაოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გვაქვს, ორი წელია, ჩვენი ექიმები გმირულად იბრძვიან, ადამიანურ რესურსს ანგარიში უნდა გავუწიოთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში აცრების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არის ქვეყანაში ჰოსპიტალოზაციის მაღალი მაჩვენებელი.

„საქართველოში 60 წელს ზემოთ აცრილი მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია, დაახლოებით 30%-მდე. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც აისახება უკვე ჩვენი მოქალაქეების ლეტალობის მაჩვენებელზე. ქვეყნები, სადაც აცრილი მოქალაქეების 50%-მდეა, ისეთივე გამოწვევის წინაშე დგანან, როგორც საქართველო. ამ ეტაპზე საწოლფონდის მიმართულებით არანაირი დეფიციტი არ არის. უკვე ორი წელია, ჩვენი ექიმები გმირულად იბრძვიან და რა თქმა უნდა, ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურსს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენენ.

„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ მუშაობს, რის შედეგადაც ჩვენ შემდეგ საბჭოს წარვუდგენთ დამატებით რეკომენდაციებს, რაც მიგვაჩნია გაცილებით მეტად გონივრულად, რათა მოხდეს ინფექციის მაქსიმალური კონტროლი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამს, საკითხზე საუბრისას ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერ არ არის დადგენილი, არის თუ არა არსებული ვაქცინები ეფექტური ახალი შტამის მიმართ.

„ვაქცინის ეფექტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ის პირები, ვინც დაინფცირდნენ ახალი შტამით, არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. აქედან შეიძლება ირიბი დასკვნა გავაკეთოთ. აღინიშნება, რომ შტამი მეტად ვრცელდება ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს ორი მოსაზრება. იმ ქვეყნებში ხანდაზმულების 90% არინ აცრილი. შესაბამისად, შესაძლოა, ხანდაზმულები აცრიდან გამომდინარე არიან დაცულები. შესაბამისად, მნიშვნელოვან ბერკეტად კვლავ რჩება ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გუშინდელი განცხადებაც შეაფასა.

„მიმაჩნია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ განცხადებები მოწოდებასთან დაკავშირებით და ეს კომპეტენტური ორგანოები არიან ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩვენ ვაკეთებთ მოწოდებებს. რაც შეეხება საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული, ვინაიდან ისინი ამას რომ არ ზღუდავენ, ეს უკვე არის ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში, შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდნენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.