ეკატერინე ტიკარაძე - როდესაც ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ეს არ იძლევა პანიკის საფუძველს
ეკატერინე ტიკარაძე - როდესაც ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ეს არ იძლევა პანიკის საფუძველს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ეს არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები იქნებიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები და გაითვალისწინებენ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა, ბევრად უფრო გამარტივდება ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის მართვა ინფექციის გადადების.

„ მაქვს ძალიან დიდი თხოვნა მოქალაქეების მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ აქვთ ეჭვი, რომ ჰქონდათ ინფიცირებულ პერსონასთან ურთიერთობა, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, დარეკონ იმ ცხელ ხაზზე, რომელიც მოწოდებული არის და ერთი ცხელი ხაზი არის ჯანდაცვის სამინისტროში, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრში. შეგვატყობინონ, ჩვენი სპეციალისტები მივლენ ადგილზე, შეუვსებენ კითხვარს, ჩვენ გვექნება ინფორმაცია სარისკო ფაქტის შესახებ. გარდა სარისკო ფაქტისა, შეგვეძლება დავგეგმოთ შემდგომი პრევენციული ღონისძიებები და შემდგომი ნაბიჯები მათი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე საავადმყოფო მობილიზებული, ეს არის ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფო, ასევე გვაქვს მობილიზებული საკარანტინე ადგილები, პალატები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მზად არის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, საჩხერის საავადმყოფო და იმის მიხედვით, თუ სად იქნება პაციენტი აღმოჩენილი, მისი გადაყვანაც მოხდება შესაბამისად“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა კარგად ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან, შესაძლებელი იქნება ვირუსთან გამკლავება.

„ვინაიდან ახალი კორონა ვირუსი არის გლობალური პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად მთელი მსოფლიო ერთობლივად არის მობილიზებული, რომ დაძლიოს ეს პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან, ამ შემთხვევაში გავრცელება შემცირდება და მეტად კონტროლირებადი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის მართვა ბევრად რთული იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელ ადამიანებთან და დღესდღეობით მოწმდება ის 70 ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.