ეკატერინე ტიკარაძე - პაციენტ სააკაშვილსაც თუ დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ, ამ ეტაპისთვის არ სჭირდება სხვა კლინიკაში გადაყვანა
ეკატერინე ტიკარაძე - პაციენტ სააკაშვილსაც თუ დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ, ამ ეტაპისთვის არ სჭირდება სხვა კლინიკაში გადაყვანა

პაციენტ სააკაშვილსაც თუ დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ, ამ ეტაპისთვის არ სჭირდება სხვა კლინიკაში გადაყვანა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

„გაჩნდა არაერთი კითხვა, თუ რამდენად აკმაყოფილებს პენიტენციური სამსახურის საავადმყოფო იმ ყველა საჭირო მოთხოვნას, რომელიც ესაჭიროება ნებისმიერ პაციენტს. სწორედ აქედან გამომდინარე, გუშინ რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, რის შედეგადაც, ის დღეს შევა პენიტენციურ საავადმყოფოში და შეამოწმებს მის მზაობას არა მხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე, დადებს დასკვნას, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ.

რაც შეეხება ექსპერტების რეკომენდაციებს, რეკომენდებული იყო დოპლერის გაკეთება პაციენტისთვის, რაც გუშინ შესრულდა და პაციენტს ამ მიმართულებით არ აღენიშნება არანაირი გართულება. ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც გასცემენ ექსპერტები, თუმცა მნიშვნელოვანი არის, კლინიკური დასაბუთება, რომ პაციენტს ეს ნამდვილად ესაჭიროება და გარწმუნებთ, რომ მას არ შეექმნება არც ერთი სასიცოცხლო რისკი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პაციენტი იმყოფება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.

„კონსილიუმის გარდა, იქ არსებული სამედიცინო სტაფის მხრიდან ხდება მისი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი. აქედან გამომდინარე, ყველა რისკი არის დაყვანილი მინიმუმამდე. მის პირად ექიმსაც არ აქვს არანაირი შეზღუდვა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი დროით შეუძლია, შევიდეს პაციენტთან და დადოს შესაბამისი დასკვნა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა ტიკარაძეს შეკითხვა დაუსვეს სხვა პატიმრების კერძო კლინიკებში გადაყვანის სტატისტიკასთან დაკავშირებით.

„დავინტერესდი ამ მონაცემებით და ეს პაციენტები გადაყვანილი არიან სხვადასხვა კლინიკებში სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე. ეს იყო სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა. პაციენტ სააკაშვილსაც თუ დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა და იქნება სამედიცინო ჩვენება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება პაციენტის სასარგებლოდ. ამ ეტაპისთვის, მას არ აქვს არანაირი საჭიროება იმის, რომ იყოს გადაყვანილი სხვა კლინიკაში. არანაირად არ ხდება აქ იძულებითი წესით პაციენტის განთავსება პენიტენციურ საავადმყოფოში. უბრალოდ, ეს საავადმყოფო მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.