ეკატერინე ტიკარაძე - „ომიკრონი“ არის სწრაფად გავრცელებადი ახალი შტამი, საჭიროა შესაფერისი მზაობა, რაც ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს
ეკატერინე ტიკარაძე - „ომიკრონი“ არის სწრაფად გავრცელებადი ახალი შტამი, საჭიროა შესაფერისი მზაობა, რაც ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში „ომიკრონის“ არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. მისსავე თქმით, ლაბორატორიულად ახალი შტამი თუ დადასტურდება, საზოგადოებას აცნობებენ.

„იცით, რომ საკმაოდ მაღალი საჯაროობა გვაქვს და როგორც კი დაფიქსირდება ახალი შტამი, ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, გავასაჯაროებთ. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დღეს უკვე „კოვიდ“-პანდემიის მართვის მიმართულებით აწყობილია სისტემა. ჩვენ გვაქვს ტესტირების უმაღლესი სტანდარტი, რითაც დროულად ვახერხებთ პაციენტის ტესტირებას. შემდეგ უკვე ჩართული არიან ოჯახის ექიმები, რომლებიც მუდმივ კონტაქტზე არიან პაციენტებთან და ისინი ახორციელებენ პაციენტების გადამოწმებას, რომელი უნდა იყოს კოვიდსასტუმროში თუ კოვიდკლინიკაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კოვიდპაციენტების მართვის კუთხით სისტემა კარგადაა აწყობილი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით პროცესები შეუფერხებლად გაგრძელდეს, რაც ნებისმიერი სირთულის კორონავირუსის ტალღასთან გამკლავებას გახდის შესაძლებელს.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ. ყოველდღე მაქვს ინფორმაცია და მათ ამ მიმართულებით არც ერთი დაყოვნება არ აქვთ. ასევე, კლინიკებში საწოლბრუნვა არის შესაფერისი კორონავირუსის ახალი შემთხვევების იმ რაოდენობასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ეს პროცესები გაგრძელდეს შეუფერხებლად. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ და გავუმკლავდებით ნებისმიერი სირთულის ტალღას. როგორც ვაკვირდებით სხვა ქვეყნების მაგალითზე, „ომიკრონი“ არის სწრაფად განვითარებადი ახალი შტამი და სხვანაირი ვერ იქნება საქართველოში. აქედან გამომდინარე, საჭიროა შესაფერისი მზადყობა, რომელიც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ტიკარაძემ.