ეკატერინე ტიკარაძე - მოვუწოდებ მოქალაქეებს, ვინც თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე ბრუნდება, მიმართონ თვითიზოლაციას და სიმპტომების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ
ეკატერინე ტიკარაძე - მოვუწოდებ მოქალაქეებს, ვინც თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე ბრუნდება, მიმართონ თვითიზოლაციას და სიმპტომების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, ვინც ბრუნდება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, იქნება ეს თბილისი თუ სხვა ადგილი, მიმართონ თვითიზოლაციას და ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 112-ში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე.

„დღეს დაფიქსირდა 38 შემთხვევა, აქედან 22 შემთხვევაა ბათუმში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, ისეთივე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გამოიჩინეს მთელი წლის მანძილზე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ ნიღაბი და აუცილებლად, ბათუმისა და აჭარის ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დღესდღეობით თავიანთ შვებულებას იქ ატარებენ და ისვენებენ, მიმართონ იმ წერტილებს, სადაც ჩვენ გვაქვს გაშლილი კარვები და ამბულატორიები, სადაც არის საშუალება ტესტირების ჩატარების, რომ შევძლოთ დავეხმაროთ ეპიდემიოლოგებს და ვმართოთ ვირუსის ჯაჭვის გავრცელების აღმოფხვრა ქვეყანაში. მინდა, ასევე მოვუწოდო მოქალაქეებს, ვინც ბრუნდება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, იქნება ეს თბილისი თუ სხვა რეგიონები, მიმართონ თვითიზოლაციას და ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე 112-ში, სადაც ისინი გადამისამართდებიან იმ ოჯახის ექიმებთან და იმ ამბოლუტორიებში, რომლებიც მართავენ „კოვიდ“ სიტუაციას საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ იძულებულები გავატაროთ უფრო მკაცრი ზომები და კვლავ  გვქონდეს კარანტინი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ვინც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.