ეკატერინე ტიკარაძე - მოსახლეობის ნეგატიური განწყობის ხელოვნურად შექმნას სჯობს, რესურსი მივმართოთ ყველაზე შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად
ეკატერინე ტიკარაძე - მოსახლეობის ნეგატიური განწყობის ხელოვნურად შექმნას სჯობს, რესურსი მივმართოთ ყველაზე შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად

მივმართავ ყველას – იქნება ეს პოლიტიკური პარტია ან მედია, თუ აქვთ გარკვეული კითხვები, ინფორმაცია სოციალურად დახმარების არარაციონალურად, არაობიექტურად მოხსნის ან დანიშვნის შესახებ, უპირველესად მოგვმართონ ჩვენ, მოითხოვონ გადამოწმება და მხოლოდ რეალური სურათის გათვალისწინებით გააკეთონ შეფასებები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა საკითხი ხშირად ხდება პოლიტიკური მანიპულირების საშუალება და სწორედ ამის საპირწონედ სამინისტრომ დაიწყო ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ინტენსიური გადამოწმება.

„მუდამ ისმის კრიტიკა, თითქოს დახმარების მოხსნა და სოციალური დახმარების დანიშვნა არ არის ობიექტური პროცესი. ამ ბრალდებების საპირწონედ ჩვენ დავიწყეთ ოჯახების ეკონომიკური მდგრადობის ინტენსიური გადამოწმება, რათა შემწეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. მივმართავ ყველას – იქნება ეს პოლიტიკური პარტია ან მედია, თუ აქვთ გარკვეული კითხვები ან ინფორმაცია სოციალურად დახმარების არარაციონალურად, არაობიექტურად მოხსნის ან დანიშვნის შესახებ, უპირველესად მოგვმართონ ჩვენ, მოითხოვონ გადამოწმება და მხოლოდ რეალური სურათის გათვალისწინებით გააკეთონ შეფასებები. მოსახლეობის ნეგატიური განწყობის ხელოვნურად შექმნის ნაცვლად, სჯობს რესურსი მივმართოთ ყველაზე შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შეფასების დღეს არსებული სისტემა სრულყოფილია, თუმცა პროგრესი ამ ნაწილშიც ნამდვილად გვაქვს. თქვენ გახსოვთ, რამდენად სუბიექტურ ელემენტებს შეიცავდა წარსულში არსებული სისტემა. ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთის არსებობაც კი ხშირად ხდებოდა ოჯახისთვის დახმარების შეწყვეტის საფუძველი“, – განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ოჯახის ეკონომიკური მდგრადობის შემოწმების ამჟამად არსებული პროცედურა განმარტა.

„მინდა, განვმარტო ოჯახის ეკონომიკური მდგრადობის შემოწმების ამჟამად არსებული პროცედურა, რომელთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება. ოფიციალურად, ხელახალი გადამოწმების დროს ოჯახის შესწავლას სჭირდება საშუალოდ 20 დღე. შესწავლიდან ერთ თვეში ხდება სპეციალური მეთოდოლოგიის დადგენით ახალი სარეიტინგო ქულის ამოქმედება, ხოლო ახალი ქულის მინიჭების შემდეგ საშუალოდ 20 დღეში ხორციელდება დახმარების ხელახალი დანიშვნა და რაც მთავარია, გადამოწმების პერიოდში ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდება. ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების მაქსიმალურად სამართლიან და მიზნობრივ პრინციპს“, – განაცხადა ტიკარაძემ.