ეკატერინე ტიკარაძე - მოსახლეობის დამყოლობა თუ დაიკლებს, მხოლოდ ეფექტური მართვის შედეგად ვეღარ შევძლებთ, კორონავირუსს ისევე ეფექტურად გავუმკლავდეთ
ეკატერინე ტიკარაძე - მოსახლეობის დამყოლობა თუ დაიკლებს, მხოლოდ ეფექტური მართვის შედეგად ვეღარ შევძლებთ, კორონავირუსს ისევე ეფექტურად გავუმკლავდეთ

ჩვენ ვაკონტროლებთ მიმდინარე პროცესს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საუბრისას, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჯერჯერობით, გავრცელების არეალი და რიცხვი, რომელიც პერიოდულად გვაქვს, არის კონტროლირებადი და ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი მართვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად ცდილობს, მოსახლეობას აუხსნას, თუ რამდენად საშიში ვირუსია „კოვიდ-19“, მაგრამ საზოგადოების დამყოლობა იკლებს.

„ეს დამყოლობა მაღალი იყო მარტში, აპრილში და მაისში, რაც იყო მთავრობის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების მიზეზი. თუ ეს დამყოლობა დაიკლებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეფექტური მართვის შედეგად და ასევე, გადაუდებელი დახმარების ცენტრის და ეპიდემიოლოგთა კვლევების ინტენსივობით ვეღარ შევძლებთ, ამ ვირუსს ისევე ეფექტურად გავუმკლავდეთ, როგორც ეს პირობითად, პირველი ტალღის პერიოდში გავაკეთეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, „კოვიდ-19“-სგან თავის დასაცავად ნომერ პირველ და საუკეთესო ინსტრუმენტად სოციალური დისტანცირება რჩება.

„შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, პირბადის ტარება და ყველა იმ ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელსაც საზოგადოებას პირველივე დღიდან ვაცნობთ. ეს არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. შემდეგ უკვე, მაშინ, როდესაც ვირუსი ფიქსირდება, ეპიდემიოლოგებს ჩვენი მოსახლეობის გახსნილობა სჭირდება იმისთვის, რომ დროულად მიაკვლიონ კვალს, სადაც შეიძლება, ვირუსი იყოს გავრცელებული. ამისთვის, ჩვენი მოქალაქეების თანამშრომლობა გვჭირდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საჭირო გახდეს ზომების გამკაცრება, განიხილება თუ არა ეს საკითხი და რა შეიძლება, იყოს დღეს ყველაზე უარესი სცენარი, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ღონისძიებები ყოველთვის გარკვეული ხედვისა და მოლოდინების შესაბამისად ტარდებოდა, ხოლო ყველაზე უარესი სცენარი არის ის, რაც აპრილში და მაისში იყო.

„ეს არის ისევ და ისევ ქვეყნის ჩაკეტვა და ისევ და ისევ ე.წ. ლოკდაუნი. რა თქმა უნდა, ეს არის ეკონომიკის გაუარესება და ეს ყველაფერი სოციალურ ფონზე მძიმე დარტყმა იქნება. ამაზე უარესი არის ის, რომ ქვეყანაში იქნება შიდა გავრცელება, რომლის მოძიებასაც ვერ შევძლებთ და შესაბამისად, იქნება პაციენტების მატება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად დიდია მონაცემებზე დაყრდნობით იმის ალბათობა, რომ ამგვარი ღონისძიებები საჭირო გახდეს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვარაუდებზე მკაცრად საუბარი სწორი არ იქნება.

„დღეს ჩვენ 8 შემთხვევა გვქონდა, რაც უკვე დადებითი დინამიკაა. ჩვენ რასთან გვაქვს საქმე – ვირუსი ვრცელდება და ინტენსიური ჩართულობით მის ლოკალიზებას ვახდენთ, მაგრამ შემდეგ დამყოლობა ისევ ეცემა და ამ დამყოლობის დაცემასთან ერთად ისევ გვიწევს იგივე სამუშაოების გაგრძელება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი