ეკატერინე ტიკარაძე - მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა
ეკატერინე ტიკარაძე - მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კანონმდებლები პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ეკატერინე ტიკარაძემ გამოსვლაში ყურადღება „კოვიდ 19“-ის მართვის სტრატეგიაზე, ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესზე გაამახვილა.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის დასასრული და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება მოსახლეობის აქტიური იმუნიზაციაა.

„როგორც ჯანდაცვის მინისტრს შემიძლია დანამდვილებით განვაცხადო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია და მიღებული გამოცდილებით აუცილებლად შევძლებთ სათანადო პასუხი გავცეთ პანდემიის სირთულეებს. დღეს ვიმყოფებით პანდემიის მესამე ტალღასთან გამკლავების პროცესში. მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის მესამე ტალღა ბევრად საფრთხილო და საყურადღებოა, რამდენადაც ამ ეტაპზე საქმე გვაქვს ვირუსის განსხვავებულ შტამებთან და განსხვავებულ გამოწვევებთან. სწორედ ამიტომ, მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და საზოგადოებას მოვუწოდო მეტი სიფრთხილისკენ. მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, აქტიურად გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და რაც მთავარია, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უდიდესი მონაპოვარი და მასზე ჩვენმა საზოგადოებამ დეზინფორმაციის გამო, უარი არ უნდა თქვას. ვაქცინაცია ჩვენი უფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა. მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება “, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა.