ეკატერინე ტიკარაძე - მივმართავთ იმ ჯგუფებს, რომლებიც მოქალაქეების კუთვნილ სიკეთეებს სპეკულაციებისთვის იყენებენ, თავი აარიდონ მსგავს ქმედებებს
ეკატერინე ტიკარაძე - მივმართავთ იმ ჯგუფებს, რომლებიც მოქალაქეების კუთვნილ სიკეთეებს სპეკულაციებისთვის იყენებენ, თავი აარიდონ მსგავს ქმედებებს

მივმართავთ იმ ჯგუფებს, რომლებიც გარკვეული სპეკულაციებისთვის იყენებენ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის განკუთვნილ სიკეთეებს, რომ თავი აარიდონ მსგავს ქმედებებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, არ ენდონ გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ფასიან მომსახურებას სთავაზობენ.

„გამოვლინდა რამდენიმე ჯგუფი და ასევე, კერძო პირები, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ცდილობდნენ ჩვენს მოქალაქეებს დახმარებოდნენ იმ აპლიკაციის შევსებაში, რომლის საშუალებითაც მათ ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი ანაზღაურება უნდა მიიღონ. კიდევ ერთხელ მივმართავთ იმ ჯგუფებს, რომლებიც გარკვეული სპეკულაციებისთვის იყენებენ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის განკუთვნილ სიკეთეებს, რომ თავი აარიდონ მსგავს ქმედებებს. მოქალაქეებს კი ვთხოვთ, მიმართონ ყველა იმ დაწესებულებას – სოციალურ სააგენტოებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, სადაც მათ საშუალება ექნებათ, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე მიიღონ მომსახურება, თუ მათ სახლიდან არ შეუძლიათ აპლიკაციის შევსება. ეს მომსახურება მათთვის არის უფასო. ჩვენი მიზანია, ის 200 ლარი, რომელიც გამოვყავით ჩვენი ბავშვებისთვის, ხელუხლებელი და სრული ოდენობით ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარკვეული  პირები მოქალაქეებს 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ონლაინრეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ.

დატოვე კომენტარი