ეკატერინე ტიკარაძე - მიმდინარეობს სხვადასხვა პროფილის ექიმების დამატებითი მობილიზება, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა
ეკატერინე ტიკარაძე - მიმდინარეობს სხვადასხვა პროფილის ექიმების დამატებითი მობილიზება, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა

ყველაზე საყურადღებოდ კვლავ ჩვენი ადამიანური რესურსი რჩება, რომელიც გაზაფხულიდან განსაზღვრული რაოდენობით გვყავს. ყველაზე კრიტიკული სწორედ სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტთა მართვაში სტუდენტები ეხმარებიან.

„გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც ამ ეტაპისთვის საკმაოდ გვეხმარება პაციენტების მართვაში და ესენი არიან ჩვენი სტუდენტები. მათ გადამზადებაში კოვიდის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა განათლების სამინისტრო, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო. ამასთან, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, რომლებმაც მოხალისედ გამოხატეს მზაობა და ჩაერთნენ ამ რთულ ბრძოლაში. ისინი გადანაწილებული არიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული იმ ორი ონლაინკლინიკის შემთხვევების მართვაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ფრთის ქვეშ შეიქმნა რამდენიმე კვირის წინ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ყველა იმ სხვა პროფილის ექიმების დამატებითი მობილიზება, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდან გვაქვს გამოხმაურება ჩვენი სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების სააგენტოში არის. მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია, მათი მხრიდანაც არის მზაობა და მათი რესურსი აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება ყველა იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა.

სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელიც დღეს ებრძვის მთელი მსოფლიო. სოციალური დისტანცირება რჩება ყველაზე ეფექტურ იარაღად ვირუსთან ბრძოლაში. შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი გმირი ექიმებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, ბოლო მომენტამდე, ბოლო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ისინი იბრძოლებენ და ნუ გამოვიყენებთ მათ გმირობას და კეთილგანწყობას, ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.