ეკატერინე ტიკარაძე - მე არ გამოვრიცხე, რომ გუნდს გარეთ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ წარმატებული ჯანდაცვის მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე - მე არ გამოვრიცხე, რომ გუნდს გარეთ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ წარმატებული ჯანდაცვის მინისტრი

ვინ არის დაინტერესებული, საქართველოს ჰყავდეს „ცუდი ჯანდაცვის მინისტრი“, ეს იყო კითხვაზე პასუხი, სადაც ვთქვი, რომ ამით დაინტერესებული არიან გარკვეული ჯგუფები, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას: ინტერვიუში ამბობთ, რომ გარკვეული ჯგუფები თქვენს გუნდში დაინტერესებული არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი და მათ აქვთ საკუთარი ბიზნესინტერესები. ვის გულისხმობთ, ვინ გებრძვით.

„ის, თუ ვინ არის დაინტერესებული, საქართველოს ჰყავდეს „ცუდი ჯანდაცვის მინისტრი“, ეს იყო კითხვაზე პასუხი, სადაც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრი არ ფლობს დიპლომს და ვინ არის ამაში დაინტერესებული. მე უბრალოდ ვთქვი, რომ გარკვეული ჯგუფები არიან ამით დაინტერესებული. რაც შეეხება ბრძოლასთან მიმართებაში დაკავშირებულ კითხვას, აქ განმარტებული იყო, რომ გარკვეულ ბიზნესწარმომადგენლებს შეიძლება, ჰქონდეთ მსგავსი ინტერესები, თუმცა დასახელებულები ჯგუფის წევრები ნამდვილად არ ყოფილა გუნდში მყოფი არც ერთი მაღალჩინოსანი. ასევე მე აღვნიშნე, რომ ამისთვის საჭიროა საკმარისი მტკიცებულებები და ეს გამოძიება მე არ მიწარმოებია, ვინაიდან ნამდვილად არ მაქვს ამისთვის საკმარისი დრო და არც ინტერესი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, რომ შესაძლოა, გუნდში, მთავრობაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც არ სურთ მისი წარმატება, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა: „არა. მე უბრალოდ არ გამოვრიცხავ, რომ გუნდის გარეთ იყვნენ ასეთი ადამიანები“.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, ამ საკითხს დამატებითი განმარტება არ სჭირდება.
„თანამდებობის პირი და გუნდი არანაირ კავშირში არ არიან ბიზნესთან“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ გაუჩნდა ეკატერინე ტიკარაძეს ასეთი ეჭვი, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა: „თქვენ რატომ გაგიჩნდათ ასეთი ეჭვი, რომ ამას მეკითხებით და მუდმივად არის ამაზე აპელირება“.