ეკატერინე ტიკარაძე - მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება თავისუფლად აღნიშნონ ახალი წელი
ეკატერინე ტიკარაძე - მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება თავისუფლად აღნიშნონ ახალი წელი

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ შეზღუდვები სადღესასწაულო პერიოდშიც მოქმედებდეს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა ითვალისწინებს როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის ინტერესებს.

„ჩვენ ერთი მხრივ, ვითვალისწინებთ იმ ზიანს, რაც შეიძლება მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას კოვიდინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად, მეორე მხრივ, ვითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც, როდესაც ყველა ველოდებით ახალ წელს, შობას და ასევე, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ბიზნესის აქტიურ ფაზას, რომელიც არის დეკემბერში. ჩვენი მიზანი არ არის, რომ დაწესდეს ისეთი შეზღუდვები და იმ ვადით, რომ ყველა ეს კომპონენტი მოყვეს ზარალში. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაკვირდებით პროცესს, იმ პერიოდის შემდეგ, რაც ჩვენ დავაწესებთ შეზღუდვებს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ორკვირიანი შეზღუდვები დაწესდეს, მინისტრმა უპასუხა: „არა, ეს არის თქვენი იტნერპრეტაცია. თქვენ ცდილობთ ახლა ჩაძიებით მათქმევინოთ, რა ვადით იქნება ეს შეზღუდვები. დაველოდოთ ხვალამდე და  ამას მთავრობის წარმომადგენლისგან აუცილებლად შეიტყობთ. ალბათ, პრემიერი გაგაცნობთ ამას“.