ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში დღეს კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება
ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში დღეს კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში დღეს კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპისთვის საავადმყოფოში არის 2 992 პაციენტი, რომლებიც გადიან მკურნალობას და დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ მობილიზებული გვაქვს 4 3392 საწოლი. მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა ჩვენი მხრიდან, არის თბილისის მასშტაბით ოთხი კლინიკის ჩართვა მომდევნო დღეებში. შიდა ქართლში უკვე დღეიდან ჩაერთვება სამი დამატებითი კლინიკა, იმერეთის რეგიონში ჩაერთვება სამი კლინიკა, კერძოდ – ქუთაისში ორი დამატებითი კლინიკა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს. ვინაიდან არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ამასთან დაკავშირებით და პაციენტებიც ხედავენ გარკვეულ რისკს სასტუმრო სივრცეში გადასვლაზე, მინდა აღვნიშნო შემდეგი, რომ სასტუმრო სივრცეში მობილიზებულნი არიან ექიმებისა და ექთნების ბრიგადები, რომლებიც მათთან მონიტორინგსა და მკურნალობას გააგრძელებენ, ისევე, როგორც ეს ხდება კლინიკების სივრცეში. აქ განთავსდებიან პაციენტები, რომლებზეც ჩვენ ვიცით, რომ რისკი არის მინიმალური. დღეისათვის აქ მკურნალობს 1500 პაციენტი და სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაზარდოს საწოლფონდი. შინ მკურნალობას გადის 6 544 ადამიანი. აქაც მნიშვნელოვანი ცვლილება არის განხორციელებული – დღემდე არსებულ 17 კლინიკას, რომელიც თბილისის მასშტაბით მონაწილეობდა პაციენტების მონიტორინგში, ჩვენ დავამატეთ კიდევ 24 კლინიკა. დღეს თბილისის მასშტაბით ყველა ეს კლინიკა ჩართულია პაციენტების მართვაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.