ეკატერინე ტიკარაძე - „კოვიდმა“ გვასწავლა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ჯანდაცვა
ეკატერინე ტიკარაძე - „კოვიდმა“ გვასწავლა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ჯანდაცვა

„კოვიდმა“ გვასწავლა ის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ჯანდაცვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„გვასწავლა, რა არის ჯანდაცვის სწორი პლატფორმა და შესაბამისად, მისი სწორი ვერტიკალი; როგორი საკანონმდებლო ჩარჩო გვჭირდება იმისთვის, რომ მცირე ტურბულენციის შემთხვევაში საჭირო არ იყოს მაქსიმალური ენერგიის დახარჯვა და შესაძლებელი იყოს ამ ტურბულენციის დაძლევა იმ ინსტრუმენტებით, რომელსაც სწორი საკანონმდებლო ჩარჩო მოგვცემს. ეს საკანონმდებლო ჩარჩო მორგებული უნდა იყოს არა კონკრეტულ ინტერესებს, არამედ მოქალაქეების საჭიროებებს და უნდა იყოს თავისი ხედვით დამოუკიდებელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ასწავლა ხელისუფლებას „კოვიდ-19“-მა.

მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, როგორ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისები იმ პირობებში, როცა კლინიკების 95% მოგებაზეა ორიენტირებული, რომლის მსგავსი პრაქტიკაც განვითარებულ მსოფლიოში თითქმის არ არსებობს. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ფორმა, რომელიც საქართველოშია არჩეული, სულ რამდენიმე ქვეყანაშია და იმ ქვეყნებში, სადაც საყოველთაოობის გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის უზრუნველყოფილი, ყველა საავადმყოფო სახელმწიფოა.

„ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ ტურბულენტობას და ბიუჯეტირებას, რის შედეგადაც ამ საავადმყოფოებს წაგების რისკი არ აქვთ. წაგების რისკი ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია იმისთვის, რომ ყველა საავადმყოფო ვალდებულია, დაიცვას კონკრეტულად იმ ქვეყანაში მიღებული ხარისხი და თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება, ვინაიდან მათი თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არის ასევე სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა და ტვირთი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო საავადმყოფოების პარტნიორია.

„თუ სახელმწიფო და საავადმყოფოები პარტნიორები არ არიან, ხარისხის გაუმჯობესება არ ხდება მხოლოდ იმ ფორმატში, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ საავადმყოფოებს მხოლოდ გააქვთ თავიანთი მოგება და ორიენტირებული არ არიან საკუთარი ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც „კოვიდის“ პერიოდში ნათლად დავინახეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამასზე მეტი საავადმყოფოა, ძალიან რთული იყო, შერჩეულიყო პაციენტებისთვის უსაფრთხო 33 საავადმყოფო, სადაც კოვიდპაციენტის შეყვანა მოხდებოდა.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, აკლია თუ არა საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას სახელმწიფო ან არამომგებიანი საავადმყოფოების საკმაოდ მნიშვნელოვანი რგოლი, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ შეიძლება, საავადმყოფო კერძოც იყოს, მაგრამ მომგებიან პირობებშიც კი, ის კეთილსინდისიერი უნდა იყოს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ ჰოლდინგი ჩამოაყალიბა, ეტაპობრივად იწყებს ამ ჰოლდინგში შემავალი საავადმყოფოების ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანებას და შემდეგ უკვე მათი რეაბილიტაციის სტრატეგიულ დაგეგმარებას.

„პირველი ასეთი საავადმყოფო ონკოლოგიური საავადმყოფო იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.